პროკურატურის რეფორმა

წულუკიანი: კბილაშვილი მიხვდა, რომ პროკურატურას სხვანაირი მოწყობა სჭირდება

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროკურატურის რეფორმირებაზე არჩილ კბილაშვილის ინიციატივა შეაფასა. წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი თავად ჩაერთვება რეფორმირებაზე მომუშავე ჯგუფში და სხვა პროექტებთან ერთად სამუშაო ჯგუფი სხვა ინიციატივებსაც განიხილავს.

"მე მიხარია, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, ბატონი არჩილ კბილაშვილი უკვე მივიდა დამოუკიდებლად იმ აზრამდე, რომ პროკურატურის ორგანოებს სხვანაირი ისტიტუციური მოწყობა სჭირდება და ეს გააჟღერა კიდეც რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის მეთაურმა" - აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანის განმარტებით, უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას პროკურატურის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე პარლამენტარები, ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ.

"ის კანონი რაც დღეს გვაქვს არის ხარვეზიანი იმიტომ, რომ გაუგებარია, ვის წინაშე აგებს პასუხს მთავარი პროკურორი, როგორია დისციპლინური საკითხების მოწესრიგება არსებული კანონით და არ არის ეს დაბალანსებული სისტემა, ამიტომ პრემიერის ინიციატივაა, რომ მოხდეს ამ საკითხების გადახედვა და ინსტიტუციურად სხვაგვარად მოეწყოს პროკურატურა" - განაცხადა წულუკიანმა. 

შეგახსენებთ, რომ არჩილ კბილაშვილის ინიციატივით, პროკურატურა უნდა გახდეს დამოუკიდებელი და გაუმჯობესდეს მომუშავე პერსონალის პროფესიონალიზმი. მისივე განმარტებით, პროკურორის დანიშვნაში უნდა მონაწილეობდეს ყველა უმაღლესი სახელმწიფო ორგანო, მისი გათავისუფლება კი უნდა მოხდეს იმპიჩმენტის პროცედურით ისევე, როგორც ხდება უზენაესი სასამართლოს წევრების გათავისუფლება.

კომენტარები