წმინდა სინოდი

წმინდა სინოდი: სახელმწიფოსგან მიღებული თანხა ხალხს ხმარდება

წმინდა სინოდი
wikipedia.org

სახელმწიფოსგან მიღებული თანხა ხმარდება მომავალი თაობის სწავლა-განათლებასა და სოციალურ პროექტებს ხმარდება - ამის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 23 დეკემბრის ოქმშია ნათქვამი.

დღეს გამართულ სინოდის სხდომას პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილია მეორემ იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც დგას მთელი მსოფლიო და, განსაკუთრებით, საქართველო:

"დიდი ყურადღება მიექცა საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებს. მათ შორის: მწოლიარე, უპატრინოდ დარჩენილი ავადმყოფების, მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობების პირების, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მდგომარეობას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ეპარქიებში შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს, თუმცა გაცილებით მეტია გასაკეთებელი. მოისმინეს ინფორმაცია მცხეთა-თბილისის ეპარქიაში განხორციელებული სოციალური დახმარებების შესახებ"- ნათქვამია სინოდის განცხადებაში.

საუბარია იმაზე, რომ არასწორად ხდება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება სახელწიფოს მხრიდან საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხის შესახებ.

„არასწორად ხდება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება სახელწიფოს მხრიდან საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას. ეს თანხა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს რეალურ მოთხოვნილებებს, ხმარდება მომავალი თაობის სწავლა-განათლებას და სოციალურ პროექტებს“- ნათქვამია განცხადებაში.

სინოდის ოქმში ასევე წერია, რომ შეიქმნა კომისია, რომელიც იმუშავებს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტის იმ ნაწილზე, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის სახით გამოყოფილ თანხებს.

წმინდა სინოდმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებაც იმსჯელა. როგორც ოქმშია ნათქვამი, ეს მხარეები ისტორიულად ყოველთვის იყო და არის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, რასაც აღიარებს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის რუსეთის საპატრიარქოც.

"თუმცა, დიდად სამწუხაროა, რომ დღემდე არ გვეძლევა საშუალება აქ სრულყოფილი მღვდელმსახურების განხორციელებისა, რაც არის ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა", -ნათქვამია ოქმში.

ოქმში ასევე წერია, რომ რუსეთის მიერ ბოლო დროს აფხაზეთთან დადებული ე.წ. ხელშეკრულებები არაკანონიერია.

 "ფრიად სამწუხაროა და არაკანონიერი ამ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის მიერ ბოლო დროს დადებული ე.წ. ხელშეკრულებები. იმედი გამოითქვა, რომ ღვთის მოწყალებით და საერთაშორისო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით გადაიდგმევა რეალური ნაბიჯები, რაც შესაძლებელს გახდის ასი ათასობით დევნილის მამა-პაპისეულ სახლებში დაბრუბებას და აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენას", - წერია ოქმში.

კომენტარები