ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი: უკრაინაში საბრძოლველად წასვლისკენ მოწოდება ქვეყნის ღალატია

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერი ეთანხმება თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სკანდალური განცხადების შინაარსს. ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სახელმწიფო გამიჯნულია უკრაინისა და რუსეთის ომისგან და თავს არიდებს პასუხს შეკითხვაზე, არის თუ არა ვლადიმირ პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი. მეორეს მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნისა და ხალხის მტრობაში, ასევე ღალატში, საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

ეს ყველაფერი პრემიერმა თქვა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ტაბულას ჟურნალისტის შემდეგი კითხვის პასუხად: „თქვენ თქვით, რომ ქართული საქმე არის ჩვენი საქმე და სრულიად გამიჯნული ვართ უკრაინის ომისგან რუსეთთან. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ვლადიმირ პუტინი უკრაინისა და საქართველოს საერთო მტერი? მიპასუხეთ - კი ან არა".

„თქვენი შეკითხვა არის პროვოკაციული. ეს თქვენი კითხვა არ არის. ეს არის მომზადებული კითხვა ნაციონალური მოძრაობის მიერ." - ასეთი იყო ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი.

ღარიბაშვილმა უფრო დაწვრილებითაც ისაუბრა საკუთარ მოსაზრებებზე უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით და გაიმეორა ის ბრალდებები, რაც თავდაცვის სამინსიტროს განცხადებაში იკითხებოდა. პრემიერი თვლის, რომ კონკერეტულად თავდაცვის უწყებას ეს განცხადება არ უნდა გაეკეთებინა, სხვა მხრივ კი იქ მოყვანილ მოსაზრებებს იზიარებს, ღალატსაც უწოდებს და ანგარებიან მოტივებზეც მიუთითებს:

„ის რომ პირადად ყოფილი პრეზიდენტი, უამრავ დანაშაულში ბრალდებული სააკაშვილი და მისი პარტიის წევრები მოუწოდებდნენ ქართველ ჯარისკაცებს, რომ დათმონ საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს შეიარაღებული ძალები და წავიდნენ უკრაინაში, იმიტომ, რომ იქ მაღალი ანაზღაურება ექნებათ - ეს არის პირდაპირი ღალატი და მოწოდება ღალატისკენ. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამას ქონდა ადგილი და ამ ამ განცხადების შინაარსის შემცველი განცხადებები გააკეთეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ძალიან გაგიკვირდათ ყველას თავდაცვის სამინისტროს განცხადება -მე აქვე ვთქვი, რომ სამინისტროს არ უნდა გაეკეთებინა განცხადება, პოლიტიკოსი თუ გააკეთებდა ამ განცხადებას, იქ არაფერი უჩვეულო არ ეწერა."

პრემიერმა ჟურნალისტს მოუწოდა, არ დაიწყოს „სპეკულაციები":

„პირდაპირი მოწოდება პირდაპირი საუბარი მიდის ქართველ ჯარისკაცებთან, რომლებიც იცავენ ქართულ ტერიტორიას და ჩვენს მიწა წყალს, მათთან მიდის პირდაპირ მტრული, მოღალატეობრივი საუბარი, ეს არის პირდაპირი ღალატისკენ მოწოდება. ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რასაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და ყოფილი პრეზიდენტი აკეთებენ", - იმეორებს პრემიერი.

დაზუსტებაზე, არის თუ არა მისი აზრით უკრაინაში ბრძოლა ღალატი, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ „ღალატი არის ის, რომ მოუწოდო შენს ჯარისკაცს, დატოვოს საქართველოს შეიარაღებული ძალები და ანაზღაურების სანაცვლოდ წავიდეს სხვაგან და იომოს. ღალატია, როცა შენ გინდა, რომ ანგარებით გადაიბირო თუ წაიყვანო ჯარისკაცი. როცა სახელწმიფო არის გამიჯნული ამა თუ იმ სამხედრო ოპერაციისგან, მსგავსი მოწოდებები არ შეიძლება, ეს არის დაუშვებელი".

საბოლოოდ, პრემიერმა კიდევ ერთხელ აარიდა თავი პასუხს კითხვაზე, არის თუ არა პუტინი უკრაინისა და საქართველოს საერთო მტერი და განაცხადა, რომ ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მტერი მიხეილ სააკაშვილია.

 

კომენტარები