თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ჯანელიძე: განცხადებაზე გამოწვეული ვნებათაღელვა ნაციონალებმა გამოიწვიეს

ტაბულა

თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და მას ტექნიკურ შეცდომას უწოდებს. მინისტრი განცხადებისგან საზოგადოებაში გამოწვეულ "ვნებაღათელვაზე" პასუხისმგებლობას "არაკეთილმოსურნეებს", პირველ რიგში, ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს. განმარტებების გაკეთება ჟურნალისტებთან ჯანელიძეს დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მოუწია.

"მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს. მწუხარება გამოვთქვა ამ ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით და თანადგომა და გვერდში დგომა გამოვხატო ოჯახის მიმართ. აქვე მინდა, განვმარტო ერთი საკითხი - ჩვენ გარკვეული პაუზა გავაკეთეთ განცხადებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მხედველობაში მივიღეთ ოჯახის პოზიცია, და რადგან არ გვინდოდა მომხდარიყო ისედაც დაძაბული ფონის კიდევ უფრო დაძაბვა, პოლიტიზირება, თავი შევიკავეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განცხადების გაკეთებისგან.

ჩვენ ვაღიარეთ ის შეცდომა, რომელიც იყო დაშვებული თვითონ ტექსტის მომზადების დროს, ამას არ გავურბივართ, ამან საშუალება მისცა ჩვენს არაკეთილმოსურნეებს - პირველ რიგში, ნაციონალურ მოძრაობას, რომ მანიპულირება მოეხდინა განცხადებასთან დაკავშირებით, ინტერპრეტირება მოეხდინათ საკუთარი შეხედულებების მიხედვით და ეს არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის. ამან გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, რაზედაც მართლა ვწუხვართ, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ეს შეცდომა დანახულია, გააანალიზებულია, ეს შეცდომა გამოსწორებულია და მომავალში მსგავსი შეცდომები არ იქნება.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ჩემი პოზიცია მე მყარად მჯეროდა და მჯერა, რომ საქართველოს გზა არ არის სამხედრო კონფლიქტებში ჩართვის გზა, ჩვენ ეროვნულ ინტერესებში არ შედის არცერთ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობა. სამხედრო კონფლიქტებმა რაც მოგვიტანა, ძალიან კარგად დავინახეთ - ეს არის 20% ოკუპირებული ტერიტორიების და საოკუპაციო ძალები 40 კილომეტრში ჩვენი დედაქალაქიდან, ამიტომ ეს არ შედის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში.

არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ პასუხისმგებლობას ვიხსნი - მე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. მიუხედავად იმისა, გაცნობილი ვიყავი ტექსტს თუ არა, ჩემს უწყებაში რა ხდება, ამაზე პასუხისმგებლობა მე მაქვს. ეს არ იყო რაღაც შეგნებული შეცდომა, ეს არ იყო წინასწარგანზრახული შეცდომა, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ტექნიკური ხარვეზი, რაღაც მიზეზების გამო მე საბოლოო ტექსტს ვერ გავეცანი, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა. შესაბამისად, მოხდა შეცდომა, ვაღიარეთ ეს შეცდომა, დავინახეთ ეს შეცდომა და მივიღეთ ზომები, რომ აღარ განმეორდეს ეს მომავალში.

ჩემი გადადგომა იყო ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის სურვილების დაკმაყოფილებას არ ვაპირებ",- თქვა ჯანელიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში"- ნათქვამი იყო განცხადებაში.

კომენტარები