ISAF-ის მისია

ავღანეთში ISAF-ის მისია ოფიციალურად დასრულდა

khaama.com

ომი ავღანეთში, რომელიც 13 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, კვირას, 28 დეკემბერს ფორმალურად დასრულდა.

ქაბულში, NATO-ს მისიის სათავო ოფისში გამართულ ცერემონიალზე,  ISAF-ის მწვანე და თეთრი დროშა დაუშვეს და NATO-ს ახალი პროგრამის, მტკიცე თანამშრომლობის მისიის დროშა აღმართეს.

ამერიკელმა გენერალმა ჯონ კემპბელმა, რომელიც ISAF-ის მისიას ხელმძღვანელობდა, პატივი მიაგო მისიაში მონაწილე 3500-მდე ჯარისკაცს, რომლებიც ავღანეთში ბრძოლის ველზე დაიღუპნენ. ასევე მიესალმა ავღანელ სამხედროებს, რომლებმაც, მისი თქმით, დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ბრძოლა საკუთარ თავზე აიღონ.

ქვეყანაში სამხედრო ოპერაციების ჩატარებას ავღანური თავდაცვითი ძალები ISAF-ის მისიის საბრძოლო შეიარაღებული ძალების დახმარების გარეშე გააგრძელებს.

NATO-ს ახალი პროგრამა, მტკიცე თანამშრომლობის მისია ავღანეთში 2015 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. ის სასწავლო და საკონსულტაციო ხასიათს ატარებს და მიზნად ავღანელი სამხედროების დახმარებას ისახავს.

ცნობისთვის, მისიაში საქართველოს ჩართვის შესახებ დოკუმენტს ხელი 15 დეკემბერს მოეწერა, დოკუმენტის რატიფიკაციას კი პარლამენტმა მხარი 24 დეკემბერს დაუჭირა. დოკუმენტით საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ ახალ მისიაში მონაწილეობას ორი დანაყოფით, ბატალიონითა და ასეულით მიიღებს.  

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების, ISAF-ის მისია 2001 წლის 20 დეკემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს № 1386 რეზოლუციის საფუძველზე ჩამოყალიბდა. ავღანეთის ტერიტორიაზე NATO-ს ეგიდითა და მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის მიზანს ავღანეთში სტაბილურობისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების დამყარება წარმოადგენდა.

კომენტარები