საყდრისი-ყაჩაღიანი

პრემიერი: RMG GOLD-მა უნდა გააგრძელოს მუშაობა, რომ ხალხი არ დარჩეს უსამსახუროდ

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა RMG Gold-ს საშუალებას მისცემს, საყდრისში მუშაობა გააგრძელოს, რათა 3000 ოჯახი სამსახურის გარეშე არ დარჩეს.

"ბოლნისში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით არქეოლოგიურ ობიექტს. შესაბამისად, გამოდის ისე, რომ იქ არაფრის გაკეთების საშუალება არ უნდა ჰქონდეს არც სახელმწიფოს, არც კერძო კომპანიას და არც არავის. ასე რომ, მინდა, მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ჩვენ ერთ მხარეს გვქონდა წლების განმავლობაში აბსოლუტურად მიტოვებული, ყველასგან დავიწყებული არქეოლოგიური ობიექტი, სადაც აღმოჩენილ იქნა რამდენიმე არტეფაქტი, რომელიც იქნა გადატანილი ახალ ადგილას. მეორე მხარეს კი იდგა 3000 ოჯახი და რაიონის შენახვა. მოგეხსენებათ, რომ ეს კომპანია მთლიანად ინახავს ბოლნისს. კიდევ ერთხელ მინდა, მთავრობის სახელით დავადასტურო, რომ ჩვენ უნდა გავუგრძელოთ ნებართვის ვადა და მივცეთ კომპანიას საშუალება, გააგრძელოს მუშაობა, რათა 3000 ოჯახი არ დარჩეს სამუშაო ადგილების გარეშე და ბოლნისის რაიონი არ აღმოჩნდეს რთულ პირობებში. ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია - ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი ეკონომიკურ გუნდთან",-თქვა პრემიერმინისტრმა.

პრემიერის ცნობით, კომპანია RMG Gold აპირებს, ააშენოს ბოლნისში თანამედროვე მუზეუმი, სადაც საყდრისში მოპოვებული ყველა არტეფაქტი განთავსდება.

"ჩემი ინფორმაციით, ყველა ის არტეფაქტი, რაც იქნა მოპოვებული ამ არქეოლოგიურ ობიექტზე, ყველა არტეფაქტი არის ზედმიწევნით ფრთხილად შენახული, გადატანილი არის. ჩემი ინფორმაციით, კომპანია RMG აპირებს, რომ ააშენოს ბოლნისში თანამედროვე მუზეუმი, სადაც განთავსდება ყველა არტეფაქტი, რაც იქნა მოპოვებული აღნიშნულ ობიექტზე. ეს იქნება ძალიან კარგი ობიექტი ტურისტული და კულტურული თვალსაზრისით ბოლნისის რაიონისთვის. ასევე მე ვიცი, რომ იქ არის ისტორიულ-გერმანული დასახლება, ამ დასახლების რეაბილიტაცია არის განსაზღვრული, გათვალისწინებული, და ამ დასახლებაში ძალიან კარგი ახალი ობიექტი გაჩნდება, ეს იქნება ბოლნისის მუზეუმი.

მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ მსოფლიოში არაერთი პრეცედენტი არსებობს იმისა, რომ ასეთი ტიპის და კიდევ უფრო 10-ჯერ და 100-ჯერ მეტად რთული ობიექტების გადატანა მომხდარა, ეს მოხდა, თუნდაც აბუ-სიმბალის ტაძრის გადაადგილება ეგივიპტეში, ადატეპეს ოქროს მაღარო ბულგარეთში, საფრანგეთში, აზერბაიჯანში, ცეხეთში, ჩინეთში, შრი-ლანკაში, შვეიცარიაში, სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიებზე - მსგავსი პრეცედენტები არსებობს. ანუ ამის გამოცდილება არსებობს, არქეოლოგიური ობიექტების გადატანა ხდება ან მთლიანად ობიექტის გადატანა ხდება, მისი დასაწყობება, ცალკე მუზეუმის მოწყობა ხდება, იქ სამუშაოები გრძელდება ჩვეულებრივად. ანალოგიური შემთხვევა გვაქვს ჩვენც. BP-ის ნავთობსადენის მშენებლობის დროს, 150-ზე მეტი ნამოსახლარის და არქეოლოგიური ობიექტის შესწავლა/გამოვლენა მოხდა, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ეს პროექტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, არქეოლოგიური ობიექტების გადატანა არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ",-თქვა პრემიერმინისტრმა.

კომპანია RMG გოლდმა საყდრისზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები 13 დეკემბერს კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ბრძანებების საფუძველზე განაახლა. კულტურის სამინისტრომ 11 ადამიანისგან შემდგარი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოუხსნა. რამდენიმე თვის შემდეგ, 2013 წლის 9 ოქტომბერს საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს არქეოლოგიური ძეგლის სტატუსიც მოეხსნა. კულტურის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტის ბრძანებით კი RMG გოლდმა სამთო სამუშაოების შესრულების ნებართვა მიიღო. აღნიშნული ნებართვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაასაჩივრა და სასამართლოს გადაწყვეტილებით კულტურის სამინისტროს 13 მარტის ბრძანება გაუქმდა, შესაბამისად კომპანიას სამუშაოების ჩატარების უფლება შეუჩერდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა საყდრისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.

კომენტარები