კათალიკოს-პატრიარქი

ილია მეორე: უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე აცხადებს, რომ საქართველომ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან და იპოვოს გზები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამის შესახებ პატრიარქმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში მშვიდობით იარაღო ისაუბრა.

„ეს რთული პროცესია. მე მქონდა შეხვედრა ინგლისის დედოფალთან და მან თქვა, რომ ძნელია პატარა ქვეყნისთვის დიდი ქვეყნის გვერდით არსებობა. რუსეთი დიდი ქვეყანაა და დიდი ქვეყანა მუდამ ცდილობს, კიდევ უფრო მოიმატოს. ზოგიერთი ქვეყანა დაავადებულია ასეთი სენით...... მიუხედავად იმისა, რომ ვერ უვლის უკვე არსებულს, მაინც ცდილობს დაიკავოს სხვისი ტერიტორია", - განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, „ევროპის ქვეყნები და აშშ 20 წელი გვეუბნებიან, რომ მხარს გვიჭერენ, მაგრამ რუსეთი მაინც თავისას აკეთებს. ამიტომ, ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობასთან ერთად, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან".

„ჩვენ უნდა დავარწმუნოთ (რუსეთი), რომე ეს პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, უარყოფითად მოუბრუნდება რუსეთს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სეპარატიზმი არის გადამდები სენი და ისევ რუსეთს მიუბრუნდება. ასე რომ, ხელისუფლებამ უნდა გაანალიზოს მდგომარეობა და უნდა გამოვნახოთ გზები, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო", - აღნიშნა პატრიარქმა.

მის თქმით, იგი არ ეთანხმება აზრს, რომ საქართველომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაკარგა. „ჩვენ ისინი არ დაგვიკარგავს, ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებთ მათ, ისნი ისევ ჩვენთან დაბრუნდება", -აღნიშნა ილია მეორემ.

მისი თქმით, „აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთან უფრო ბედნიერი იქნებიან, ვიდრე რუსეთთან, ასეთ დიდ ქვეყანასთან".

კომენტარები