გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულება

პრევენციის მექანიზმი: გლდანის ციხეში ძალადობის პრევენციის მხრივ ცუდი ვითარებაა

ombudsman.ge

პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, გლდანის ციხეში არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით არაკეთილსაიმედო მდგომარეობაა. პრევენციის ეროვნული მექანიზმი აღნიშნავს, რომ ვიზიტის დროს (2014 წლის 27-28 ნოემბერი) ჩატარებული ინტერვიუებისას მონიტორინგის ჯგუფს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმართა მიმართ ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. თუმცა, "დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის ფაქტი, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოს სახალხო დამცველმა N8 დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების გამოძიების მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურორს ცხრა შემთხვევაში მიმართა, რაც სახალხო დამცველის მიერ სასჯელაღსრულების სისტემაში არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების გამოძიების თაობაზე ზემოხსენებულ პერიოდში მომზადებული წინადადებების ნახევარს წარმოადგენს".

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციის ეროვნული მექანიზმის შეფასებით, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ გლდანის ციხეში არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით არაკეთილსაიმედო მდგომარეობაა.

"მიგვაჩნია, რომ სხვა რისკფაქტორებთან ერთად, არასათანადო მოპყრობას შემდეგი ფაქტორები განაპირობებს: დაუსჯელობის განცდა; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლების არცოდნა; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების ცნების არასწორი გაგება, უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენების დროს ღონისძიების პროპორციულობის შეფასების სათანადო უნარის არქონა; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა ქმედებების მკაცრი კონტროლის არარსებობა, რაც შესაძლებელია განხორციელდეს, მაგალითად, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გონივრული ვადით შენახვა-შემოწმებით, სასჯელაღსრულების სისტემის შიდა, ობიექტური მონიტორინგის განხორციელებით, ამ მონიტორინგის შედეგების ქვემდებარეობის შესაბამისად, პროკურატურისათვის, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის წარდგენით და ამ უკანასკნელთა მხრიდან დროული, სათანადო რეაგირებით; სამედიცინო პერსონალის მიერ არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა სათანადო, სრულყოფილი დოკუმენტირებისა და შეტყობინების პრაქტიკის არარსებობა; არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლთა და მოწმეთა დაცვის მექანიზმის არარსებობა; არაკეთილგანწყობილი ურთიერთობა პატიმრებსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის", - აცხადებს პრევენციის ეროვნული მექანიზმი და სასჯელაღსრულების მინისტრს რეკომენდაციებით მიმართავს.

"უზრუნველყოს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლების გრძელვადიანი პროფესიული სწავლება, ამასთან, უზრუნველყოს უფლებამოსილებათა ფარგლების, არასათანადო მოპყრობის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გადამეტების ან სამსახურებრივი გულგრილობისთვის მოსალოდნელი სასჯელის, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილებების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსალოდნელი
პასუხისმგებლობის შესახებ მათი სათანადო ინფორმირება. არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციის მიზნით უზრუნველყოს ობიექტური შიდა მონიტორინგის განხორციელება, გაატაროს მკაცრი ზომები იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც არაჯეროვნად ასრულებენ საკუთარ უფლებამოსილებას არასათანადო მოპყრობის პრევენციის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევის დოკუმენტირების კუთხით", - ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები