სასჯელაღსრულების სამინისტრო

პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებამოსილება შესაძლოა სასამართლოს გადაეცეს

პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებამოსილება შესაძლოა სასამართლოს ხელში გადავიდეს. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის კახი კახიშვილის განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი მოდელი, რომელზეც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების მიმართულებით მუშაობს.

"განიხილება ორი ვარიანტი. კერძოდ, პირისთვის თავისუფლების აღკვეთის კონსტიტუციური უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს გააჩნია, მაგრამ კონსტიტუციაში არაფერია ნათქვამი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იმ ორგანოებთან დაკავშირებით, რომელთაც შეუძლიათ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა და მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება, ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა. განიხილება საკითხი იმის შესახებ, რომ ან სამინისტროს შესაბამისი საბჭოების საკითხი კონსტიტუციაში დაფიქსირდეს და მის მიერ ზეპირი განხილვის წესი მკვეთრად გაიწეროს, ან აღნიშნული უფლებამოსილება მთლიანად სასამართლოს გადაეცეს", - აცხადებს კახიშვილი.

ამ დროისთვის პარლამენტში წარდგენილია პატიმრობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ ადგილობრივი საბჭოები მიიღებენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი კომისია – ე.წ. უდოს კომისია, უქმდება.

სასჯელაღსრულების სამინისტროს განმარტებით, "პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხებზე ადგილობრივი საბჭოები მოწესრიგებულად მუშაობენ, მუდმივმოქმედი კომისია კი ცალკე მდგომი ორგანო იყო და ანალიზმა მისი გაუქმების მიზანშეწონილობა აჩვენა". 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია საბჭოების საქმიანობაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებდა და პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან თუ სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს თავადაც იღებდა. ე.წ. უდოს კომისია შვიდი წევრისგან შედგება, რომელთა შორის არიან დეპუტატები უმრავლესობიდან და უმცირესობიდან, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და არასამთავრობო ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენელი და სამინისტროს სისტემის ორი თანამშრომელი.

კომენტარები