სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

პსაკი: თუ რუსეთი ვალდებულებებს შეასრულებს, შესაძლოა ზოგიერთი სანქცია გაუქმდეს

ამერიკის შეერთებული შტატები ეთანხმება საფრანგეთს პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებაში პროგრესის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაუქმდეს.

„პრეზიდენტმა ოლანდმა თქვა, რომ სანქციები მყარი მშვიდობის მიღწევის შემთხვევაში უნდა გაუქმდეს. ეს ჩვენი, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების საერთო პოზიციაა. თუ რუსეთი და სეპარატისტები მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ, შესაძლოა ზოგიერთი სანქცია გაუქმდეს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის თქმით, "რუსეთის წინაააღმდეგ სანქციები შეიძლება, გაუქმდეს, თუ მოლაპარაკებებში უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოწესრიგების მიზნით, პროგრესი იქნება მიღწეული". მისივე განცხადებით, იგი 15 იანვარს ასტანაში პუტინთან და პოროშენკოსთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას პირადად აპირებს.

"პუტინს არ სურს აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია, მან ეს მითხრა. მე ვნახე, რაც მოხდა ყირიმში, მაგრამ ეს ერთი და იგივე არ არის. მას არ სურს, უკრაინა NATO-ში აღმოჩნდეს. ასტანაში 15 იანვარს იმ პირობით ჩავალ, რომ პროგრესს მივაღწევთ. თუ ეს არ მოხდება, შეხვედრაში მონაწილეობა არ ღირს. პუტინს უნდა დაველაპარაკოთ და ავუხსნათ, რა გვინდა და ვუთხრათ, რომ უნდა შეჩერდეს. ვფიქრობ, ახალი სანქციების შემოღება უნდა შეჩერდეს და არსებული უნდა გაუქმდეს, თუ პროგრესს მივაღწევთ. თუ არა - ისინი დარჩება", - თქვა ოლანდმა.

მანამდე, გერმანიის მთავრობის ვიცეკანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ გერმანის მიზანი კონფლიქტის მოგვარებაა და არა რუსეთში ქაოსის გამოწვევა და მისი დაჩოქება, რაც ევროპისთვისაც საშიში იქნება. შესაბამისად, მისი აზრით, ახალი სანქციებისგან დასავლეთმა თავი უნდა შეიკავოს.

კომენტარები