საყდრისი-ყაჩაღიანი

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრი მის მიმართ დევნაზე საუბრობს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრი ნინო ბურჭულაძე მის მიმართ დევნაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ 2014 წლის თებერვლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მუშაობდა, 30 დეკემბერს კი გაათავისუფლეს. ბურჭულაძე აღნიშნულს საყდრისის აფეთქების დროს კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს და ამბობს, რომ ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ საყდრისთან დაკავშირებით მისი აქტიურობის გამო საყვედურიც მიიღო.

"ცენტრში ვმუშაობდი 2014 წლის თებერვლიდან. ეს ცენტრი სახელმწიფო შპს-ა. 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა და მას მართავს ეკონომიკის სამინისტრო, თუმცაღა, ზედამხედველობას უწევს ჯანდაცვის სამინისტროც. 2014 წლის აპრილიდან აქტიურად ვიყავი ჩართული საყდრისის პრობლემასთან დაკავშირებით. ვარ საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრი. როდესაც საყდრისი დაანგრიეს - 2014 წლის 13 დეკემბერს, იმდენად აღშფოთებული ვიყავი, რომ არ მოვერიდე ტელეკამერების წინ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. შემდგომში, როდესაც მიმდინარეობდა აქციები, ღიად ვამბობდი ჩვენს მოთხოვნებს - ვითხოვდით საყდრისზე ნგრევის გაჩერებას, არქეოლოგების შეშვებას და სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ პროცესის გაჩერებას.

19 დეკემბერს პრივატული საუბრის დროს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ჩვენს გენერალურ დირექტორზე მიმდინარეობდა გარკვეული სახის ზეწოლა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩემს აქტიურობასთან საყდრისთან მიმართებაში. არ იყო დაკონკრეტებული, ვისი მხრიდან. უხერხულ მდგომარეობაში ვიგრძენი თავი და სამსახურიდან წამოსვლაზე ვფიქრობდი, რათა ამერიდებინა ამ ადამიანისთვის უხერხული სიტუაციები. შემდეგ მივმართე გენერალურ დირექტორს, გავეშვი სამსახურიდან, თუ მე მას პრობლემებს ვუქმნიდი, რაზეც უარი მივიღე და მუშაობა გაგრძელდა. 30 დეკემბერს მოულოდნელად გამომიცხადეს, რომ სამსახურში ხელშეკრულებას ვეღარ გამიფორმებდნენ.

ჩემთვის ცხადი გახდა, რომ დირექტორმა ჩემი დაცვა ვეღარ შეძლო. მაინტერესებდა, ვინ მიიღო ამაში მონაწილეობა, თუმცა მან არაფერი მითხრა. რადგან არ ვიცი, ზუსტად ვის მივმართო - მივმართავ ჯანდაცვის და ეკონომიკის მინისტრებს, ვინ ბედავს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას, როდესაც წესით, 2 წელია, საქართველოში უკვე დაცულია გამოხატვის თავისუფლება", - თქვა ბურჭულაძემ.

ნინო ბურჭულაძის შემდეგ, განცხადება საყდრისის გადარჩენის კომიტეტის კიდევ ერთმა წევრმა, ანა მიქაუტაძემ გააკეთა. კომიტეტის წევრები პრემიერს მიმართავენ და სთხოვენ, რომ შეხვდეს არქეოლოგებსა და კულტუროლოგებს, რათა მათგან მიიღოს ინფორმაცია საყდრისის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. კომიტეტის წევრები შესაბამის წერილს კანცელარიაში დღეს შეიტანენ. 

საყდრისის საბადოში სამუშაოებს კომპანია RMG GOLD აწარმოებს. კომპანიამ საბადო 13 დეკემბერს ააფეთქა კულტურის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები