საჯარო ფინანსები

ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველი გიორგი ქადაგიძეა

Getty Images

ბრიტანულმა ჟურნალმა The Banker-მა ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაასახელა

The Banker ყოველწლიურად იკვლევს და ავლენს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს და საუკეთესო ბანკირებს 149  ქვეყანაში. ყოველწლიური დაჯილდოება ავლენს იმ ხელმძღვანელ პირებს, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას და სტაბილიზაციას საუკეთესოდ გაართვეს თავი.

The Banker-ის ცნობით, საქართველოს საბანკო სექტორმა განვლილი წლის მანძილზე ძირითადი ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობა კარგად აჩვენა. The Banker-მა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკმა 2014 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებულ სასწავლო პროგრამას უმასპინძლა, რომლის შედეგადაც სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ცენტრალური ბანკის მართვის გამოცდილება ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და სხვა ცენტრალურ ბანკებს გაუზიარა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2014 წელს აზიის განვითარების ბანკის სავალუტო რეზერვების მართვის მეოთხე რეგიონულ ფორუმს უმასპინძლა, ფორუმში მონაწილეობა მსოფლიოს 30 ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობამ მიიღო. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, "შეფასებამ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ სწორ გზაზე, მივყვებით სწორად დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს, ბაზელის ძირითადი პრინციპებისა და სხვა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით".

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც მნიშვნელოვან სამომავლო გამოწვევად რჩება. 2014 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ლარში დენომინირებული პირველი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა. გიორგი ქადაგიძის თქმით, არსებულ მაგალითზე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც აპირებენ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდის გამოშვებას, რაც ეროვნული ვალუტის მნიშვნელობის ამაღლებისა და გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სტატიაში ლარის კურსის ვარდნასაც შეეხო, მისი თქმით, ეროვნული ბანკი ყველა ბერკეტს იყენებს, რათა ვალუტის რყევებმა არ იქონიოს ნეგატიური გავლენა ინფლაციაზე და მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის რყევის შესასუსტებლად სავალუტო აუქციონზე $80 მილიონი გაიტანა. 

ჟურნალი The Banker The Financial Times Group-ის წევრია და კონკრეტულად მსოფლიოს საბანაკო სექტორში არსებულ ვითარებას აშუქებს. 

კომენტარები