Rosneft ქართულ ბაზარზე

ხიდაშელი: წარმოდგენა არ მაქვს, რა არის Rosneft და რას აკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა, არ იცის, არღვევს თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს რუსული კომპანია Rosneft-ის საქართველოში შემოსვლა, რომელიც აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ მოღვაწეობს. 

"არ ვიცი, მხოლოდ თქვენი სიტყვა ვერ იქნება ჩემთვის სამტკიცი, რომ ეს ნამდვილად ასეა. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ეს კომპანია და რას აკეთებს, ამიტომ ეს მათ უნდა ჰკითხოთ, ვისაც ინფორმაცია აქვს. აქ იყო ეკონომიკის მინისტრი და მისთვის გეკითხათ, მე რომ მეკითხებით" - განაცხადა ხიდაშელმა ტაბულას კითხვაზე პასუხად, საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რომელსაც ეკონომიკის მინისტრიც ესწრებოდა.

ტაბულამ ვერ შეძლო ეკონომიკის მინისტრისგან კომენტარის მოპოვება, რადგან მან კანცელარია უკომენტაროდ დატოვა.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მეექვსე და მეცხრე მუხლი მოითხოვს, რომ კომპანიას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე თბილისის ნებართვის გარეშე აწარმოებს საქმიანობას, სანქციები დაუწესდეს. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 (2) მუხლის თანახმად„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

Rosneft არა მხოლოდ წარმოდგენილია ოკუპირებული აფხაზეთის ბაზარზე, მასსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის 2009 წლიდან გაფორმებულია ხელშეკრულება ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების შესახებ. საქართველოს მაშინდელი საგარეო უწყება ხელშეკრულების გაფორმებას გამოეხმაურა და მას საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა უწოდა.

შეგახსენებთ, რომ სანამ რუსული ნავთობკომპანია Rosneft დავით იაკობაშვილის კუთვნილი კომპანიის, Petrocas-ის აქციების 49%-იან წილს იყიდდა, იაკობაშვილი Forbes-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბიზნესში გარეშე ძალების ჩარევაზე საუბრობდა.

"საქართველოში ბიზნესის წარმოებისას ყველასთვის ერთი და იგივე წესები არ მოქმედებს. ბიზნესპროცესებში გარეშე ძალები ერევიან და ეს საკმაოდ საგრძნობია" - ამბობდა იაკობაშვილი.

რუსული ნავთობკომპანიის შემოსვლის შესახებ კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას ვიცეპრემიერმა კახა კალაძემაც გააკეთა. მისი თქმით, იაკობაშვილის კომპანია ბიზნესმენ დავით კეზერაშვილთან ასოცირდებოდა, რომელიც სააკაშვილის ძირითად აქტივებს მართავდა.

"ჩემთვის დღეს გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ "როსნეფტმა" გარკვეული წილი იყიდა და ეს დღეს ოფიციალურადაა დადასტურებული. თვითონ "გალფს" რაც შეეხება, ყველასთვის ცნობილია, რომ ეს კომპანია ასოცირდებოდა კეზერაშვილთან.

სააკაშვილის ძირითად აქტივებს კეზერაშვილი მართავდა, იაკობაშვილი ფიქტიური წარმომადგენელი იყო იმ კოპანიის, რომლითაც მოხდა წილობრივი გასხვისება. ეს არის ტერმინალი და ასეე ბენზინგასამართი სადგურები. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ რაიმე შეფერხება გავაკეთოთ, ჩავშალოთ ეს ტრანზაქციები, რომელიც ოფშორულ ზონაში მოხდა",- განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები