დავით გარეჯში, დოდოს რქის სამონასტრო კომპლექსში, აქამდე უცნობი დარბაზული ტიპის სამლოცველო აღმოჩინეს. ეკლესია, რომელიც საუკუნეების მანძილზე მიწით იყო დაფარული, მონასტრის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, კლდეში მდებარეობს. სამლოცველო ამ დრომდე არსებულ არც ერთ ისტორიულ და სამეცნიერო წყაროში არ არის ნახსენები.
სამლოცველოს კედლებზე თითქმის სრულად არის შემორჩენილი მხატვრობა, რომელსაც სპეციალისტები, წინასწარი მონაცემებით, XIII საუკუნით ათარიღებენ. კედლებზე ჩანს ღვთისმშობლის, წმინდა მხედრებისა და წმინდა მამების გამოსახულებები, ხარების სცენა და წმინდანთა ცხოვრების ამსახველი სიუჟეტი. კედლებზე აღმოჩნდა წარწერებიც.
ადგილი, ძეგლის შეფასებისა და გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, არქეოლოგებთან და არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის ექსპერტებთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ და კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმაც მოინახულეს.