ტერაქტი პარიზში

ხვალ პარიზში ერთიანობის მხარდამჭერ აქციას საქართველოს პრემიერიც დაესწრება

ხვალ, პარიზში ევროპელი ლიდერების მონაწილეობით დაგეგმილ ერთიანობის მხარდამჭერ აქციას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება. ღარიბაშვილი Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო მწუხარებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს საფრანგეთს და ფრანგ ხალხს.

"საქართველოს პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ ეს დიდი ტრაგედია არის არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ზოგადად, მთელი თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს პრობლემაა და მას ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა სჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ირაკლი ღარიბაშვილი პარიზს ხვალ ეწვევა და საქართველოს სახელით ფრანგ ხალხს პირადად მიუსამძიმრებს" - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხვალ პარიზში ერთიანობის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მასში მონაწილეობას ევროპული ქვეყნების ლიდერები მიიღებენ. აქციას უერთდებიან დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი, ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი და სხვა ლიდერები. ღონისძიებაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომაც.

"კვირას პარიზში შევუერთდები ფრანგ ხალხს და საფრანგეთის პრეზიდენტს ერთიანობის მხარდასაჭერად. ჩვენ უნდა ვუთხრათ "არა ტერორიზმს" და "დიახ, თავისუფლებას" -დაწერა პოროშენკომ twitter-ზე.

ცნობისთვის,  7 იანვარს, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალის მთავარი რედაქტორი. ტერაქტი ძმებმა კუაშებმა განახორციელეს.  ისინი ქალაქ დამატენ ან გუიელში სამართალდამცავებმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კუაშებს მძევლად ერთი ქალი ჰყავდათ აყვანილი.

პარალელურად, შეიარაღებულმა პირმა ქოშერულ მაღაზიაში რამდენიმე მძევალი აიყვანა. აჰმად კუბალის ლიკვიდირება ფრანგმა სამართლამდამცავებმა სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ შეძლეს. კუბალისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი ქალიც, რომელიც ამ დროისთვის პოლიციის მიერ იძებნება. დაიღუპა სულ მცირე 4 მძევალი.

კომენტარები