ტერაქტი პარიზში

ნარმანია: მსოფლიო ერთად დგას ტერორიზმის წინააღმდეგ

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, პარიზში დღეს დაგეგმილი ერთიანობის მხარდამჭერი მსვლელობა იმის დადასტურებაა, რომ მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ არის გაერთიანებული.

"დღევანდელი აქცია კიდევ ერთხელ არის დადასტურება იმისა, რომ მთელი მსოფლიო დგას ერთად, დგას ტერორიზმის წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასეთი რამე არ განმეორდეს. ეს არის სოლიდარობა, ეს არის გვერდით დგომა ფრანგი ხალხისა, რომელმაც ძალიან დიდი დანაკლისი განიცადა ამ ძალიან არასასურველი მოვლენის შედეგად" - განაცხადა ნარმანიამ.

ევროპელი ლიდერების მონაწილეობით ერთიანობის მხარდამჭერი აქცია პარიზში დღეს, თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება. მსვლელობას უერთდებიან დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი, ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავითოღლუ, პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, იორდანიის მეფე აბდულა II და დედოფალი რანია, ისრაელის პრეზიდენტი ბენიამინ ნეთანიაჰუ. ღონისძიებაში მონაწილეობის მზადყოფნა ასევე გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. ერთიანობის მხარდამჭერ მარშს დაესწრება საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

ცნობისთვის,  7 იანვარს, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალის მთავარი რედაქტორი. ტერაქტი ძმებმა კუაშებმა განახორციელეს.  ისინი ქალაქ დამატენ ან გუიელში სამართალდამცავებმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კუაშებს მძევლად ერთი ქალი ჰყავდათ აყვანილი.

პარალელურად, შეიარაღებულმა პირმა ქოშერულ მაღაზიაში რამდენიმე მძევალი აიყვანა. აჰმად კუბალის ლიკვიდირება ფრანგმა სამართლამდამცავებმა სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ შეძლეს. კუბალისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი ქალიც, რომელიც ამ დროისთვის პოლიციის მიერ იძებნება. დაიღუპა სულ მცირე 4 მძევალი.

კომენტარები