ტერაქტი პარიზში

ბოკერია: სიწმიდის დასაცავად ძალადობის გამართლება ტერორიზმამდე მიდის

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტები არა მხოლოდ პრესის თავისუფლებაზე თავდასხმაა, არამედ იმ თავისუფლებაზე, კეთილდღეობასა და ღირებულებებზე, რომელიც კაცობრიობის ნაწილმა მრავალსაუკუნოვანი ბრძოლით მოიპოვა. 

"აბსოლუტურად ნათელია ყველა გონიერი ადამიანისთვის, რომლისთვისაც საკუთარი და ყველა ადამიანის თავისუფლება ძვირფასია, რომ ეს გახლდათ არა მარტო ერთ რომელიმე გამოცემაზე ან მხოლოდ პრესის თავისუფლებაზე თავდასხმა, არამედ ეს არის თავდასხმა, ზოგადად, იმ ცხოვრების წესზე, იმ კეთილდღეობასა და თავისუფლებაზე, რომელიც როგორც მინიმუმ კაცობრიობის ნაწილმა მოიპოვა მრავალსაუკუნოვანი ბრძოლით; ყველა იმ ღირებულებაზე, რომელსაც თავისუფალ სამყაროს ვუკავშირებთ, რისი სრულფასოვანი ნაწილიც გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ. 

სამწუხაროდ, ადრეც არსებობდა, ახლაც არსებობს და ალბათ იარსებებს ბოროტება, რომელსაც არ სურს ამ თავისუფლების მიღება. იმიზეზებენ, რომ იცავენ საკუთარ სიწმიდეებს. ამ მიზეზით სურთ, რომ სისხლში ჩაახშონ ეს ღირებულებები და თავისუფლება. ეს არის თითოეული ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლა. მნიშვნელოვანია, არ მოხდეს იმ ღირებულებების შეზღუდვა არცერთი სანტიმეტრითაც კი",-ამბობს ბოკერია.

ბოკერიასვე თქმით, ყველა, ვინც იმიზეზებს, რომ სიწმინდის გამო გამართლებულია ძალადობა, ძმებ კუაშების საქციელამდე ანუ ტერორიზმამდე მიდის.

"თუკი ქვეყნის შიგნით ერთის მხრივ ხდება ადამიანების რაღაც ჯგუფის, მაგალითად, მუსლიმების უფლებრივი დამცირება, იმ განცდის შექმნა, რომ ისინი არ არიან სრულფასოვანი მოქალაქეები, ეს ქმნის ნოყიერ ნიადაგს ნებისმიერი ექსტრემიზმისთვის. მეორეს მხრივ კი, სახელმწიფო არ არის მზად, რომ იმათ მიმართ გამოიყენოს ძალა, ვინც რეალური საფრთხე არიან ძალადობის. უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანი, ვინც იმიზეზებს, თუნდაც გულწრფელად, რომ რაღაც სიწმიდის გამო გამართლებულია ძალადობა, ეს გზა ბოლოს მიდის ამ ძმების საქციელამდე",-თქვა ბოკერიამ.

ამ წუთებში საფრანგეთში ერთიანობის მარში მიმდინარეობს. ათიათასობით ადამიანი პარიზის ქუჩებშია შეკრებილი. ისინი ტერაქტებში დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ. ადგილზე იმყოფებიან მსოფლიო ლიდერებიც. სოლიდარობის აქცია იმართება ლონდონშიც. მონაწილეები ტრაფალგარის მოედანზე არიან შეკრებილი.

აღსანიშნავია, რომ მსვლელობის დაწყებამდე ინტერნეტით გავრცელდა, აწ უკვე მოკლული ტერორისტის აჰმედ კულიბალის ვიდეო, რომელმაც ქოშერულ მაღაზიაში მძევლები აიყვანა. ტერაქტამდე ჩაწერილ ვიდეოში კულიბალი საკუთარ თავს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს მიაკუთვნებს და ამბობს, რომ მისი სახელით მოქმედებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ შარლი ებდოს თავდასხმაზე თავადაც მუშაობდა. შემდეგ კი გუნდი ორად გაიყო, რათა უფრო ეფექტურად ემოქმედათ.

პოლიცია კი ტერორისტთა თანამზრახველებს ეძებს. მათ შორის, ქოშერული მაღაზიის ტერაქტში მონაწილე ჰაიატ ბუმედინს, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ტერორისტმა ქალმა თურქეთისა და სირიის საზღვარი უკვე გადაკვეთა.

საფრანგეთის პოლიციამ 9 იანვარს ანტიტერორისტული ოპერაცია ორ ადგილას ჩაატარა. ერთი ქოშერულ მაღაზიაში, ხოლო მეორე ჟურნალ შარლი ებდოს თავდასხმაში მონაწილე ძმებ კუაშების წინააღმდეგ, რომელთაც პარიზის ჩრდილოეთით საწყობში ასევე მძევლები ჰყავდათ აყვანილი. აღსანიშნავია, რომ აჰმედ კულიბალი ძმებ კუაშების გათავისუფლებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. სამართალდამცველებმა ოპერაციების შედეგად სამივე მამაკაცი მოკლეს. დაიღუპნენ მძევლებიც. ჯამში, ტერორისტებმა 17 ადამიანი დახოცეს.

პირველი ტერორისტული აქტი ჟურნალ შარლი ებდოს რედაქციაზე 7 იანვარს მოხდა. ძმებმა კუაშებმა მაშინ 12 ადამიანი მოკლეს. ისინი ისლამისტურ შეძახილებს გაჰყვიროდნენ. აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე, ჟურნალის ოფიციალური ტვიტერით ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაღდადის კარიკატურა გავრცელდა.

კომენტარები