ტერაქტი პარიზში

ბელგიურ გამოცემა Le Soir-ის ოფისიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა

Le Soir

ბრიუსელში, ბელგიურ გამოცემა Le Soir-ის ოფისიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა. რედაქციაში მუქარის ზარი შევიდა, რომ ოფისში ბომბს ააფეთქებდნენ. ზარის ავტორმა ასევე მოითხოვა, გაზეთს შეეწყვიტა Charlie Hebdo-სთან დაკავშირებული სიახლეების გაშუქება. აღსანიშნავია, რომ გაზეთმა სოლიდარობის ნიშნად, ჟურნალ Charlie Hebdo-ს კარიკატურები ხელმეორედ, საკუთარ ფურცლებზე გამოაქვეყნა.

სამართალდამცველებმა ოფისის მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს და ახლომდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაციაც მოახდინეს.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საფრანგეთში ერთიანობის მარში მიმდინარეობს. ათიათასობით ადამიანი პარიზის ქუჩებშია შეკრებილი. ისინი ტერაქტებში დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ლიდერებმაც. სოლიდარობის აქცია იმართება ლონდონშიც. მონაწილეები ტრაფალგარის მოედანზე არიან შეკრებილი.

აღსანიშნავია, რომ მსვლელობის დაწყებამდე ინტერნეტით გავრცელდა, აწ უკვე მოკლული ტერორისტის აჰმედ კულიბალის ვიდეო, რომელმაც ქოშერულ მაღაზიაში მძევლები აიყვანა. ტერაქტამდე ჩაწერილ ვიდეოში კულიბალი საკუთარ თავს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს მიაკუთვნებს და ამბობს, რომ მისი სახელით მოქმედებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ შარლი ებდოს თავდასხმაზე თავადაც მუშაობდა. შემდეგ კი გუნდი ორად გაიყო, რათა უფრო ეფექტურად ემოქმედათ.

პოლიცია კი ტერორისტთა თანამზრახველებს ეძებს. მათ შორის, ქოშერული მაღაზიის ტერაქტში მონაწილე ჰაიატ ბუმედინს, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ტერორისტმა ქალმა თურქეთისა და სირიის საზღვარი უკვე გადაკვეთა.

საფრანგეთის პოლიციამ 9 იანვარს ანტიტერორისტული ოპერაცია ორ ადგილას ჩაატარა. ერთი ქოშერულ მაღაზიაში, ხოლო მეორე ჟურნალ შარლი ებდოს თავდასხმაში მონაწილე ძმებ კუაშების წინააღმდეგ, რომელთაც პარიზის ჩრდილოეთით საწყობში ასევე მძევლები ჰყავდათ აყვანილი. აღსანიშნავია, რომ აჰმედ კულიბალი ძმებ კუაშების გათავისუფლებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. სამართალდამცველებმა ოპერაციების შედეგად სამივე მამაკაცი მოკლეს. დაიღუპნენ მძევლებიც. ჯამში, ტერორისტებმა 17 ადამიანი დახოცეს.

პირველი ტერორისტული აქტი ჟურნალ შარლი ებდოს რედაქციაზე 7 იანვარს მოხდა. ძმებმა კუაშებმა მაშინ 12 ადამიანი მოკლეს. ისინი ისლამისტურ შეძახილებს გაჰყვიროდნენ. აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე, ჟურნალის ოფიციალური ტვიტერით ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაღდადის კარიკატურა გავრცელდა.

კომენტარები