საყდრისი-ყაჩაღიანი

საია: საყდრისთან დაკავშირებით კანონი ისევ ირღვევა

RMG გოლდისთვის ლიცენზიის მოქმედების 5 წლით გაგრძელება მას ავტომატურად არ ანიჭებს უფლებას, საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები აწარმოოს, - ეს განცხადება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გაკეთდა. ორგანიზაციაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ კომპანიას ეს უფლება თბილისის საქალაქო სასამართლოს 30 მაისის განჩინების თანახმად აქვს შეჩერებული.

"პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება 2014 წლის 14 თებერვალს. თუმცა გამოძიება არ მიდის არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების ფაქტზე. აქაც ჩნდება კითხვა, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაცია როგორც ჩვენ მიერ, ისე თავის დროზე კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცალსახად მიუთითებდა, რომ ადგილი ჰქონდა არქეოლოგიური ობეიქტის დაზიანებას", - აცხადებს საია-ს იურისტი სულხან სალაძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმდინარე კვირაში სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავს. ორგანიზაცია კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს იმ აქტების ბათილად ცნობას მოითხოვს, რომელთა საფუძველზეც საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მოეხსნა.  

"ეს არ არის მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობისთვის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა კანონის უზენაესობისთვისაც, ეს არის ბრძოლა სავარაუდო კორუფციული ინტერესებისთვის როგორც ჩანს და ეს არის ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის. სანამ ამ დარგის სპეციალისტები იტყვიან, რომ ის, რაც დარჩა ამ აფეთქებების მიუხედავად, თუნდაც ერთი ლოდი, არის ღირებული, მანამდე ეს ბრძოლა გაგრძელდება", - აცხადებს საია-ს იურისტი კახა კოჟორიძე.

საყდრისთან დაკავშირებით განცხადება დღეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც გაკეთდა. პარტია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, სამუშაო შეხვედრა გაიმართოს, სადაც საყდრისის საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.   

კომპანია RMG გოლდმა საყდრისზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები 13 დეკემბერს კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ბრძანებების საფუძველზე განაახლა. კომპანიამ აქ ორი აფეთქება განახორციელა. 

კომენტარები