ტერაქტი პარიზში

უპრეცედენტო დემონსტრაციის შემდეგ საფრანგეთი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

Reuters

საფრანგეთში სამოქალაქო ობიექტებს 10 000 სამხედრო დაიცავს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა და მინისტრთა კაბინეტმა საგანგებო შეხვედრაზე მიიღეს, სადაც ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების საკითხი განიხილეს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედროები მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას ხვალიდან შეუდგებიან. გარდა ამისა, ხუთი ათასი პოლიციელი საფრანგეთის 700 ებრაულ სკოლას დაიცავს.

ერთიანობის მარშში ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელიც  გუშინ საფრანგეთში გაიმართა, სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე დიდი დემონსტრაცია პარიზში ჩატარდა, სადაც ქუჩაში მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ეს ყველაზე დიდი მასობრივი აქციაა, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში როდესმე გამართულა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება აქციაზე ხალხის ასეთ დიდ რაოდენობას არ ელოდა. დემონსტრაციაზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იყო მიღებული. აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას 2 ათასამდე პოლიციელი და ათასამდე სამხედრო მოსამსახურე იცავდა. ქალაქის ცენტრში სახურავებზე სნაიპერები განალაგეს. ასეთივე მარშები საფრანგეთის მრავალ ქალაქში, ასევე ბერლინში, ვენაში, ბრიუსელში და ლონდონში გაიმართა.

დემონსტრანტთა კოლონას წინ საფრანგეთის პრეზიდენტი, ასევე 40 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მოუძღოდა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის კანცლერმა, ბრიტანეთის პრემიერმა, უკრაინის პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ისრაელის და პალესტინის ლიდერებმა.  რუსეთს დემონსტრაციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენდა.

კომენტარები