ესტონეთი-საქართველოს ურთიერთობა

საქართველოსა და ესტონეთის პრემიერმინისტრებმა პრესკონფერენცია გამართეს

0 კომენტარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოსა და ესტონეთის პრემიერმინისტრებმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ტაავი რიივასის თქმით, ესტონეთი საქართველოს მხარს უჭერს და რიგის სამიტზეც მყარი მხარდაჭერი იქნება.

"იმედი მაქვს, რომ რიგის სამიტიდან მივიღებთ, როგორც იტყვიან, საკმაოდ ხელმოსაჭიდ მასალებს. შესაძლოა, გარანტიები 100%-ით არის იყოს გაცემული, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ესტონეთი საქართველოს მყარი მხარდამჭერია. საქართველო, ფაქტობრივად, ლიდერია კრიტერიუმების დაკმაყოფილების სარბიელზე. ნამდვილად შესაძლებელია უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება და დამერწმუნეთ, რომ სამიტზე ესტონეთის მხარდაჭერა გექნებათ", - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმინისტრმა.

რიივასისვე თქმით, "ესტონეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველ ეჭვგარეშე ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მოიცავს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს".

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით კი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და NATO-ში გაწევრიანების საკითხებს, შეხვედრის დიდი ნაწილი კი ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს დაეთმო.

"ერთმანეთს დავუდასტურეთ მზაობა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ არსებულ პოტენციალს, რათა მივაღწიოთ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის იმ ნიშნულს, რაც ჩვენი ქვეყნების პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს შეესაბამება," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც იმსჯელეს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთელი საერთაშორიოს თანამეგობრობის მხარდაჭერა იმდროს, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ არის ოკუპირებული და ამ მიმართულებით არ გვაქვს გაუმჯობესება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს ევროპული არჩევანი არცერთი ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

"ჩვენი ევროპული გზა რუსეთის წინააღმდეგ საერთოდ არ არის მიმართული. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული არჩევანი. საქართველოს, ხალხის გადასაწყვეტია, სად-რა მიმართულებით ვიაროთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები