ოჯახური ძალადობა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პოლიციის არასაკმარის რეაგირებაზე საუბრობს

31 წლის ნინო დაახლოებით ერთი წელია ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ქმარმა მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო. ნინო ტაბულასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქმარი სისტემატურად სვამდა და ძალადობაც სიმთვრალეში ხდებოდა. პირველი ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ნინომ ტვინის შერყევა მიიღო და განქორწინება მოითხოვა, რაზეც ქმარიც დათანხმდა. ახლა უკვე ყოფილი ქმარი მას ემუქრება, მშობლების სახლში უვარდება და ფიზიკურად ძალადობს. ნინო ამბობს, რომ მიუხედავად პოლიციის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერისა, მუქარა გრძელდება.

აღნიშნულ ფაქტზე ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, ამ საქმეზე გამოძიება 10 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, ასევე გამოიცა შემაკავებელი ორდერი და თუ დანაშაული დადგინდება, დამნაშავე ძალიან მკაცრად დაისჯება. კითხვას რამდენად ეფექტურად მუშაობს პოლიცია ძალადობის ცალკეულ შემთხვევაზე, თალაკვაძე პასუხობს, რომ პოლიციელების მხრიდან ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე წაყრუებას სამინისტრო არ მოითმენს.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველ 6 თვეში ახლიდან იწყებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, ისე რომ არ ითვალისწინებს არც წინა ხარვეზებს და არც სამოქალაქო საზოგადოების აზრს. არგანაშვილი ითხოვს მონაცემებს რამდენმა ქალმა მიმართა პოლიციას და რამდენმა მიიღო რეაგირება.

კომენტარები