ტერაქტი პარიზში

კაჭკაჭიშვილი: Charlie Hebdo პროვოცირებას გამოხატვის თავისუფლებას უწევდა

0 კომენტარი
ფოტო: თეორემა/ტაბულა

ინდოეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ზურაბ კაჭკაჭიშვილის თქმით, ჟურნალი Charlie Hebdo ყოველთვის შეგნებულად პროვოკაციული ჟურნალი იყო. ის პროვოცირებას აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას უწევდა, რადგან, ჟურნალის თანამშრომლებს მიაჩნდათ, რომ სწორედ ამ გზით შეიძლება, საზოგადოება უფრო მობილიზებული იყოს. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"Charlie Hebdo შეგნებულად პროვოკაციული ჟურნალი იყო ყოველთვის და ეს იყო სწორედ მისი დაფუძნების მიზანი. შეგნებულად უწევდა პროვოცირებას აზრისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. ის ჟურნალისტები, რომლებიც იქ მუშაობდნენ, განსაკუთრებით კარიკატურისტები, გარდა Charlie Hebdo-სა, ძალიან ბევრ სხვა გამოცემასთან თანამშრომლობდნენ. ეს იყო Le Monde და ბევრი სხვა ჟურნალი. მათ მიაჩნდათ, რომ სწორედ პროვოცირებით შეიძლება, ყოველთვის უფრო მობილიზებული იყოს და არასდროს მოდუნდეს არც საზოგადოება და არც ჟურნალისტი. ზოგადად, ფრანგების თვისებაა, იყვნენ განსაკუთრებულად კრიტიკულები. ის შემთხვევა, როდესაც დანიური ჟურნალიდან გადმობეჭდეს მუჰამედის კარიკატურები, რა თქმა უნდა, შეგნებულად გაკეთდა. წინ უძღოდა ბევრი მსჯელობა, მაგრამ მათ მაინც გადაწყვიტეს გაეკეთებინათ.

ჩემი აზრით, ეს შემთხვევა იყო მხოლოდ საბაბი. დღეს ტერორიზმი არ არის ცენტრალიზებული. ინტერნეტში რომ ჩაიხედოს სპეციალისტმა, ნახავს უამრავ მითითებებს, როგორ იმოქმედონ დამოუკიდებლად, ამოირჩიონ სამიზნე, ამოირჩიონ მეთოდები. ეს, რა თქმა უნდა, დღევანდელობის მოტანილია. ეს ტექნოლოგიური პროგრესის უარყოფითი მხარეა.

ჟურნალის შემდეგი ნომერი გამოდის მილიონიანი ტირაჟით. Charlie Hebdo შეგნებულად რეკლამებს არ ათავსებდა ჟურნალში. ესეც მათი პრინციპი იყო. ისინი მხოლოდ ხელმოწერებისა და გაყიდვების ხარჯზე ცხოვრობდნენ. ბოლო ხანებში 15 000-საც ვერ აცილებდნენ და ხშირად იკეტებოდნენ დროებით", - თქვა კაჭკაჭიშვილმა.

კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ საფრანგეთში სოლიდარობის მარშზე 4 მილიონი ადამიანის გამოსვლა ნიშნავდა მხოლოდ და მხოლოდ აზრის გამოთქმის თავისუფლების მხარდაჭერას.

"4 მილიონამდე ფრანგი, რომლებიც საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გამოვიდნენ, მათი უდიდესი ნაწილი არ კითხულობდა Charlie Hebdo-ს და ვინც კითხულობდა, შეიძლება, არც ეთანხმებოდა. ისინი გამოვიდნენ, რომ თავისუფლება აზრის გამოთქმისა, რა ფორმაშიც არ უნდა იყოს, არის ხელშეუხებელი და სწორედ ამას იცავდნენ. „მე ვარ შარლი" არ ნიშნავს, მე ვარ შარლის მკითხველი, მხარდამჭერი და ა.შ., ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ აზრის გამოთქმის თავისუფლების მხარდაჭერა", - აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პარიზში ტერაქტებს 17 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები