საქართველოს სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილედ ნათია კაციტაძე დაინიშნა

ნათია კაციტაძე
ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველს ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე უჩა ნანუაშვილმა 2013-2014 წლებში ომბუდსმენის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი, ნათია კაციტაძე დანიშნა. გასული წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებით, საქართველოს სახალხო დამცველს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. ცვლილებამდე, სახალხო დამცველს მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავდა. 12 ნოემბერს ნანუაშვილის პირველ მოადგილედ პაატა ბელთაძე დაინიშნა, რომელიც მანამდეც ომბუდსმენის მოადგილედ მუშაობდა.

სახალხო დამცველის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნათია კაციტაძემ 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორის სამართლისა და საერთაშორის ურთიერთობების ფაკულტეტი; 2006 წელს დაამთავრა პოლონეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა ვროცლავის უნივერსიტეტში საერთაშორისო საჯარო სამართლის კუთხით (ვროცლავი, პოლონეთი); 2007 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი).

2003-2008 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე სტრატეგიული სამართალწარმოების სფეროში, არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლში.

2008 წელს იყო გაეროს განსახლების პროგრამის (UN HABITAT) ეროვნული კონსულტანტი იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლების, რესტიტუციის და განსახლების საკითხებზე.

2009-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების კუთხით, იყო წამყვანი იურისტი და სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი; ასევე, სტრატეგიული სამართალწარმოების სფეროში რამდენიმე პროექტის კოორდინატორი. იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეთა წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოში წარდგენილ ათობით საჩივარში.

2010 წლიდან ჩართულია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახალხო დიპლომატიისა და ნდობის აღდგენის ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებში.

არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურულ ურთიერთობათა ბიუროს საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერშიპის პროგრამის (IVLP) მონაწილე.

სხვადასხვა წლებში (2007, 2008, 2011) გავლილი აქვს პრაქტიკა ლონდონში, დიდ ბრიტანეთში ადამიანის უფლებათა სამართლებრივი დაცვის საერთაშორისო ცენტრსა (INTERIGHTS) და ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულ ცენტრში (EHRAC).

2008 წელს ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდები საერთო სპეციალობით. მომზადებული აქვს სამაგისტრო ნაშრომები და სტატიები ადამიანის უფლებათა საკითხებზე.

კომენტარები