იოჰანეს ჰანის ვიზიტი

ირაკლი ღარიბაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა

Open Days - European Week of Cities and Regions

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგით განსაზღვრული პრიორიტეტები, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკურ-სოციალური რეფორმები, რეგიონის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით ევროკავშირის როლის გაძლიერების მნიშვნელობა იყო.

"პრემიერმა ევროკომისარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა მას საქართველოს ევროპული მომავლისადმი მკაფიო მხარდაჭერად განიხილავს. ევროკომისართან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ შეთანხმების ხელმოწერას და ცხინვალის რეჟიმთან ანალოგიური შეთანხმების გაფორმების გეგმას. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი, რომელზეც საქართველო კონკრეტული შედეგების დემონსტრირებას გეგმავს",- იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

იოჰანეს ჰანი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს. ის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.

კომენტარები