იოჰანეს ჰანის ვიზიტი

ბოკერია: მთავრობის ვალია პოლიტიკური დევნით მოქალაქეებს პრობლემა არ შეუქმნას

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისართან, იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ მედიისთვის განცხადება გააკეთა. ბოკერიას თქმით, ენმ-ს წარმომადგენლებმა ევროკომისართან შეხვედრისას საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრეს და შეეხნენ ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებსაც.

"საუბარი შეეხო ყველა იმ თემას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არის მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, მათ შორის ვისაუბრეთ იმ პრობლემებზეც, რომელიც საქართველოს შიგნით არსებობს, მათ შორის, ჩვენი მთავრობის მიერ შექმნილ პრობლემებზეც. საქართველოს ამოცანაა გადადგას შემდგომი ნაბიჯები ჩვენი ისტორიული მისიის შესასრულებლად, ევროპაში დასაბრუნებლად და ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

რიგის სამიტზე ჩვენ უნდა მივიღოთ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა და უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი მთავრობის ვალია, ილობირონ რაც შეიძლება მეტი, რომ ეს პროცესი აქამდე მივიდეს და მეორე მხრივ, საკუთარი მოქმედებებით არ შეუქმნან პრობლემები საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რასაც, სამწუხაროდ, ორი წლის განმავლობაში აკეთებდნენ პოლიტიკური დევნითა და უნიათობით" - განაცხადა ბოკერიამ.

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში საქართველოში ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. ის გუშინვე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ  ევროკავშირი საქართველოს 44 ნახევარი მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს. ირაკლი ღარიბაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ხელი საფინანსო შეთანხმებას მოაწერეს. ცნობილი გახდა ისიც, რომ ევროკავშირი საქართველოს ღრმა და ყოვლილმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ათვისებასა და კერძო სექტორის განვითრებაში დაეხმარება. იოჰანეს ჰანი საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, ის საქართველოს ხვალ დატოვებს.

კომენტარები