ISIS

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ 350-მდე ეზიდი ტყვე გაათავისუფლა

Ako Rasheed / reuters.com

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ 350-მდე ეზიდი ტყვე გაათავისუფლა. გათავისუფლებულთაგან უმრავლესობა ასაკოვანი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები იყვნენ, მათ შორის გაათავისუფლეს რამდენიმე ჩვილიც, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდათ.

70 წელს გადაცილებულმა ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა ტყვემ როიტერს განუცხადა, რომ ISIS-ის მებრძოლებმა წინა დღეს ტყვეები ავტობუსებში აიყვანეს და ქურთების მიერ კონტროლირებად ქალაქ კირკუკში გადაიყვანეს.

გასული წლის დეკემბრის თვეში ქურთული სამხედრო ფორმირებების, ფეშმერგას მებრძოლებმა ერაყში, საერთაშორისო კოალიციის ავიაციის დახმარებით, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან სინჯარის რეგიონი გაათავისუფლეს. სინჯარის მთის მიდამოებში, რომელიც ერაყის და სირიის საზღვარზე მდებარეობს, თვეების განმავლობაში ისლამისტებს ქურთი ლტოლვილები ჰყავდათ ბლოკირებული.

ე.წ. ისლამური სახელმწიფო ამ დრომდე რამდენიმე ქურთულ სოფელს აკონტროლებს.

კომენტარები