გამოხატვის თავისუფლება

იზორია: რისკი, რომ სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება, არ არსებობს

police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტი, რომელიც ე.წ. შუღლის გაღვივებაზე შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტში ხვალ დარეგისტრირდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს გამორიცხავს. მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია გამოხატვის თავისუფლებისა და საზოგადოებაში მშვიდობის უზრუნველყოფა.

"ყოველგვარ ასეთ, მსგავს რისკებს გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ეს მუხლი ეხება იმ პრაქტიკას, რომელიც დამკვიდრებულია მოწინავე ევროპულ ქვეყნებში. მისი მიზანია, საზოგადოებაში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა. რელიგიურ ნიადაგზე არ იყოს შუღლი გაღვივებული და ლაპარაკია ძირითადად ძალადობრივი ხასიათის მოწოდებებზე - რამაც შეიძლება ძალადობრივი შედეგი გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, არავითარი რისკის შემცველი იმ თვალსაზრისით, რომ სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება, მით უფრო მასმედიის თავისუფლება შეიზღუდება - გამორიცხულია. კატეგორიულად ვამბობ, მიზანი არის ერთადერთი - როგორც სიტყვის გამოხატვის, ისე საზოგადოების უსაფრთხოების ანუ საზოგადოებაში მშვიდობის უზრუნველყოფა", - განაცხადა იზორიამ.

კომენტარები