იური ვაზაგაშვილის საქმე

კახიშვილი ვაზაგაშვილზე: ასეთ ტრაგედიებს საქართველოში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის კახა კახიშვილის განცხადებით, "ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ სამართლიანობისთვის არ კვდებიან". კახიშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. ცნობისთვის, ადვოკატის და ახლობლების ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა. პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ეს თუ სიმართლეა, ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, გადაურჩებიან მართლმსაჯულებას. როდესაც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით სამართლიანობის აღდგენაზე, ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხზე წერტილი უნდა დაისვას, რომ ასეთ ტრაგედიებს საქართველოში ადგილი აღარ ჰქონდეს. მე სიმართლე რომ გითხრათ, ამდენი წლის კაცი ვარ, დიდი გამოცდილება მაქვს პროკურატურაში და სასჯელაღსრულების სისტემაში და მე დამბურძგლა ამ ფაქტმა. იმედს ვიტოვებ, რომ დანაშაული უმოკლეს ვადაში გაიხსნება და ის პირები კანონის ჩარჩოში, მაგრამ ძალიან მკაცრად დაისჯებიან იმისთვის, რომ ადამიანებს ერთხელ და სამუდამოდ ჰქონდეთ გარანტია, რომ სამართლიანობისთვის არ კვდებიან ამ ქვეყანაში", - განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები