ქართველები უკრაინაში

გიგი კალანდაძე: უკრაინაში 100-მდე ქართველი იბრძვის

ტაბულა

გენერალი გიგი კალანდაძის თქმით, უკრაინაში დაახლოებით 100 ქართველი იბრძვის, სხვადასხვა დაჯგუფებებსა და ქვედანაყოფებში, თუმცა მათი რაოდენობა მუდმივად იცვლება. ამის შესახებ კალანდაძემ გადაცემა არჩევანში, კიევიდან პირდაპირი ჩართვის დროს აღნიშნა.

კალანდაძის ინფორმაციით, დონეცკის აეროპორტში შეტაკებისას, რომლის დროსაც თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა, სხვა ქართველებიც დაშავდნენ, თუმცა მათი მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია.

კალანდაძისვე თქმით, უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს აქვთ იმის ძალა, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ მტერს.

კალანდაძემ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თავდაცვის სამინისტროს იმ ქართველებისთვის მოეწოდებინა, რომლებიც პრორუსი სეპარატისტების მხარეს იბრძვიან, რომ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები.

უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა სამხედრომ აღნიშნა, რომ უკრაინის ფრონტის ხაზზე მებრძოლი სამხედროები არაფერს ითხოვენ, გარდა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა გარდაცვლილთა ოჯახებს დაეხმაროს. მისივე თქმით, ფინანსურ დახმარებას უკრაინაში მებრძოლ ქართველებს ოჯახის წევრები და მეგობრები უწევენ.

"პირადად მე მეხმარება მეგობარი. ჩემს თანამებრძოლებს ეხმარებიან ოჯახის წევრები. სხვა ფულად დახმარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია და სამარცხვინოა. ჩვენ ვიკვებებით ისევე, როგორც უკრაინელი ჯარისკაცები, ვინაწილებთ იმ იარაღსა თუ ტყვია-წამალს, რაც არის წინა ხაზზე", - აღნიშნა გიგი კალანდაძემ. 

გენერალმა გიგი კალანდაძემ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა ჯერჯერობით არ დაუტოვებია და ის აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში. თუმცა, ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რადგან აქვს ინფორმაცია, რომ დაბრუნების შემთხვევაში დააკავებენ.

მისივე თქმით, საქრათველოში საკუთარი მამის გასვენებაში ვერ ჩამოვიდა, რადგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ახალი წლის შემდეგ მის წინააღმდეგ ახალი საქმის შეკერვა დაიწყეს.

გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსი გენერალ-მაიორი გიგი კალანდაძე 2008 წლის ომის დროს მე-4 ბრიგადას ხელმძღვანელობდა. 

კომენტარები