იური ვაზაგაშვილის საქმე

NGO-ები იური ვაზაგაშვილის საქმის დაუყოვნებლივ და ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები იური ვაზაგაშვილის საქმის დაუყოვნებლივ და ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

"იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას, რომელიც ამ დრომდე არ არის დასრულებული.

არასამთავრობო ორგანიზაციები ვითხოვთ, პროკურატურამ დაუყოვნებლივ და ობიექტურად გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე.

მიგვაჩნია, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებას ასევე უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ახლა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება.

იმედს გამოვთქვამს, რომ იური ვაზაგაშვილის და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეები დროულად და ეფექტურად იქნება გამოძიებული.

არასამთავრობო ორგანიზაციები ვუსამძიმრებთ დაღუპული იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გუშინ დაიღუპა. როგორც ტაბულასთან საუბარში ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა თქვა, ვაზაგაშვილი ნაღმის აფეთქებამ იმსხვერპლა. პროკურატურამ გამოძიება სსკ 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. იური ვაზაგაშვილის ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.

კომენტარები