იური ვაზაგაშვილის საქმე

კაკაბაძე: იური ვაზაგაშვილი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ივანიშვილს შეხვდა

ნანა კაკაბაძე
geworld.ge

არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით, იური ვაზაგაშვილი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და მისი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ესაუბრა.

"იური ვაზაგაშვილი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ის შეხვედრით ძალიან კმაყოფილი და იმედიანი იყო. საუბრის დეტალები არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ გულღიად ისაუბრეს მისი შვილის და იმ ბიჭების მკვლელობების შესახებ, რომლებიც პოლიციის მიერ ქუჩაში იქნენ ჩაცხრილულნი. მისი ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლე" სწორედ ამ კუთხით მუშაობდა, ამ ორგანიზაციის მიზანი იყო, რომ თითოეული ამ ბიჭის მკვლელობა გამოძიებული ყოფილიყო", - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

ნანა კაკაბაძემ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება "სასტიკ ტერაქტად" შეაფასა და ხელისუფლებას მოუწოდა, საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს იმაზე, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. მისი განცხადებით, ვაზაგაშვილის სიკვდილი შეიძლება, მისი შვილის საქმესთან პირდაპირ კავშირში იყოს.

"იური ვაზაგაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას ჰქონდა მოპოვებული დოკუმენტები და მტკიცებულებები მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით და ამ მტკიცებულებების გადაცემას ის პროკურატურისთვის აპირებდა. არ ვიცი, მოასწრო თუ არა მან ამ მასალების გადაცემა, მაგრამ ის ამბობდა, რომ მან მისი შვილის მკვლელების სახელები და გვარებიც იცოდა და ხელისუფლება, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შემდგომ, იძულებული გახდებოდა, ისინი დაეპატიმრებინა. გამოძიებას უნდა დაველოდოთ, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ეს ტერაქტი სწორედ ამ განცხადებასთან იყო დაკავშირებული. ხელისუფლებას მოვუწოდებ, საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს იმაზე, თუ რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება", - თქვა ნანა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გუშინ დაიღუპა. როგორც ტაბულასთან საუბარში ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა თქვა, ვაზაგაშვილი ნაღმის აფეთქებამ იმსხვერპლა. პროკურატურამ გამოძიება სსკ 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. იური ვაზაგაშვილის ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.

კომენტარები