მკვლელობა სომხეთში

ავეტისიანების ოჯახის უკანასკნელი წევრი დღეს დაკრძალეს

http://www.photolure.am/

ავეტისიანების ოჯახის უკანასკნელი წევრი, 6 თვის სერიოჟა დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი გიუმრიში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პანაშვიდს სომხეთის პრემიერმინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანიც დაესწრო.

გიუმრიში მომხდარ ტრაგედიას დღეს საჯაროდ პირველად გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სერგეი ლავროვმა მომხდარს საზარელი დანაშაული უწოდა და აღნიშნა, რომ დამნაშავე საკადრის სასჯელს მიიღებს.

„მე არ მოვიყვან მაგალითებს, როდესაც ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებში ჭკუიდან იშლებიან, სხვადასხვა მიზეზების გამო და წარმოუდგენელს სჩადიან. მარტო იმას ვიტყვი, რომ ჩვენ ვხედავთ სიტუაციის პოლიტიზების მცდელობებს და ეს სომხეთის და რუსეთის ხელისუფლებებისგან არ მომდინარეობს. ძალიან ბევრია იმის მსურველი, რომ გამოიყენოს ეს ტრაგედია, რათა გეოპოლიტიკურად დაწინაურდეს. ეს დაუშვებელი და უღირსი ქმედებაა და ვიცი, რომ ამაყი სომეხი ხალხი არასდროს წამოეგება მსგავს პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება და რუსეთ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობა არ დაზარალდება“, - განაცხადა ლავროვმა. 

არეულობის თავიდან ასაცილებლად გიუმრიში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. ადგილობრივი მოსახლეობა მკვლელობის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს და კვლავ მოითხოვს, რომ ავეტისიანების ოჯახის ტრაგედია სომხურმა მხარემ გამოიძიოს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინისა და სომხეთის პრეზიდენტ სერჟ საგსიანის შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რუსი სამხედროს, ვალერი პერმიაკოვის სასამართლო პროცესი სომხეთში საჯაროდ გაიმართება. თუმცა ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრის მკვლელობაში ბრალდებული ჯერ კიდევ რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იმყოფება და საქმეს რუსული მხარე იძიებს.

კომენტარები