იური ვაზაგაშვილის საქმე

უსუფაშვილი: ქართველი მშობლები აღარ უნდა შეეწირონ მოკლული შვილებისთვის ბრძოლას

Jamestown.org

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "მინდა, თქვენთან ერთად ვისურვო და მივცეთ პირობა ყველას, რომ ქართველი დედები და მამები აღარ შეეწირებიან თავიანთი მოკლული შვილებისთვის ბრძოლას, დამნაშავეების დასჯისთვის ბრძოლას". დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს დაწყებისას იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მას "ქართველი მამის სიმბოლო" უწოდა. 

"დამეთანხმებით, რომ ქ-ნი ირინა ენუქიძის გარდაცვალებით ჩვენ დავკარგეთ ქართველი დედის სიმბოლო და ეტალონი. ბატონი იურის გარდაცვალებით კი, ჩვენ ქართველი მამის სიმბოლო და ეტალონი გამოგვეცალა. მინდა, თქვენთან ერთად ვისურვო და მივცეთ პირობა ყველას, რომ ქართველი დედები და მამები აღარ შეეწირებიან თავიანთი მოკლული შვილებისთვის ბრძოლას, დამნაშავეების დასჯისთვის ბრძოლას. ამას გააკეთებს ქართული სახელმწიფო. ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი ვალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. ისიც ფაქტია, რომ ამ საზარელი მკვლელობის და მკვლელების სამიზნე არ იყო მხოლოდ ბატონი იური. მან უკვე გააკეთა და მოასწრო ყველაფრის თქმა, რისი თქმაც იყო მისგან საჭირო, როგორც ჩანს, აქ სხვა მიზნებია. ამიტომ, მინდა ყველას მივმართო, რომ ჩვენი სწორი რეაქცია ამ საშინელებაზე იქნება ის, რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამის გამო ვინმე გაჩუმდება, არ უნდა გაჩუმდეს, თუ სათქმელია, უნდა ითქვას ყველაფერი და მეორე, თუ ამის მიზანია ქართული სახელმწიფოს და ხელსუფლების გამოცდა - ვართ თუ არა შემძლე, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, გამოვიძიოთ დანაშაული, თუ რამე შეცდომა იქნა დაშვებული, ამას გავუმკლავდეთ, შევხედოთ რეალობას თვალებში და სწორი ნაბიჯები გადავდგათ. ზუსტად ეს უნდა გავაკეთოთ და ეს იქნება ჩვენი სწორი რეაქცია ამ ყველაფერზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, შვილის საფლავზე ნაღმზე აფეთქდა. გამოძიება დამამძიმებელ მდგომარეობაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები