უკრაინის კრიზისი

მერკელი: რუსეთმა ევროპული წესრიგი დაარღვია

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

რუსეთის ქმედებები ევროპული წესრიგის ფუძემდებლურ პრინციპებს არღვევს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დავოსის ფორუმის ერთ-ერთ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ აღმოვჩნდით პრობლემების წინაშე, რომლებსაც არ ველოდით, ეს არის კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის. ამ შემთხვევაში დაირღვა ევროპული წესრიგის ფუძემდებლური პრინციპები. ყირიმის ანექსია უბრალო ანექსია არ არის, ეს აშკარა დარღევაა იმისა, რამაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მშვიდობიანი თანაარსებობის საშუალება მოგვცა. ეს არის საზღვრების ურღვეობა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა", - განაცხადა მერკელმა.

მისი თქმით, უკრაინის შემთხვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტის თანახმად, უკრაინამ უარი თქვა ბირთულ იარაღზე. დოკუმენტის გარანტად რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ გამოვიდნენ.

მერკელის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეს პირობა დაარღვია, „რომელი ქვეყანა გაიზიარებს ამ მაგალითს და უარს იტყვის ბირთვულ იარაღზე"?

რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებზე საუბრისას მერკელმა აღნიშნა, რომ ისინი შეიძლება მხოლოდ მაშინ გაუქმდეს, თუ მათი დაწესების მიზეზი აღარ იარსებებს, „თუმცა, დღესდღეობით ეს ასე არ არის", - აღნიშნა კანცლერმა.

კომენტარები