რუსული ავიაკომპანიები საქართველოში

ნადირაშვილი: რუსული ავიაკომპანიების შემოყვანაზე მორიგი მოლაპარაკება იგეგმება

0 კომენტარი
ფოტო: news.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, 25 იანვარს საქართველოსა და რუსეთს შორის რუსული ავიაკომპანიების შემოყვანასთან დაკავშირებით მორიგი მოლაპარაკებები გაიმართება. ნადირაშვილის თქმით, საქართველოში არ უნდა შემოდიოდნენ კომპანიები, რომლებიც არღვევენ საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და პოლიტიკური მოტივები აქვთ.

"ჩვენ შევიტყვეთ, რომ ზეგ, 25 იანვარს, საზოგადოების ზურგს უკან, გაიმართება მორიგი მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის რუსული ავიაკომპანიების საქართველოში კაბალური პირობებითა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შემოყვანასთან დაკავშირებით. საქართველოს მხრიდან ამ მოლაპარაკებებს აწარმოებს ივანიშვილის პირადი ბორტინჟინერი, რომელიც მან დანიშნა ავიაციის დეპარტამენტის უფროსად.

ამ მოლაპარაკებებისთვის რუსეთიდან ჩამოდის სპეციალური ჯგუფი. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ზოგადად ქართული საჰაერო სივრცის გახსნის და ამ სექტორში თავისუფალი საბაზრო მიდგომების გამოყენების. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ უნდა შემოდიოდნენ ავიაკომპანიები, რომლებიც არღვევენ საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ (მაგალითად, აეროფლოტი პერიოდულად ახორციელებს რეისებს სოხუმში), ავიაკომპანიები, რომლებიც არიან პირადად პუტინის მფლობელობაში (მაგალითად, უტეაირი (UTAIR) და ავიაკომპანიები, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი მოცულობის ვალები დასავლური სანქციების გამო და აქ შეიძლება, შემოდიოდნენ მხოლოდ პოლიტიკური და არა ბიზნესმოტივებით (მაგალითად, ტრანსაერო). ჩვენ ასევე ვეწინააღმდეგებით მოლაპარაკებების საზოგადოების ზურგს უკან ფარულად წარმოებას", - თქვა ნადირაშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები