NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩი 2015

NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილე პირველი ხუთეულები ცნობილია

NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილე პირველი ხუთეულები ცნობილია.

აღმოსავლეთის გუნდში, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი ხმით აირჩიეს ლებრონ ჯეიმსი, რომელიც კლივლენდ კავალიერსში გადასვლის შემდეგ ისეთ თამაშს ვერ აჩვენებს, როგორითაც გულშემატკივრებს მაიამი ჰიტში ანებივრებდა, თუმცა კვლავაც რჩება მსოფლიოს საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად.

მოცემულ მომენტში ალბათ NBA-ს ყველაზე უარეს გუნდში თამაშობს კარმელო ენტონი, რომელიც გუნდის ერთადერთი ვარსკვლავია და ხალხის ხმებით ოლ სტარშიც მოხვდა.

ასე მარტივად არ ჰქონია საქმე კაილ ლოურის, ვისაც დასახმარებლადაც ტორონტო რაპტორსის ხელმძღვანელობამ სხვადასხვა აქციები ჩაატარა, სადაც გულშემატკივრებს მისთვის ხმის მიცემისთვის მოუწოდებდნენ. ლოურის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო მომღერალი ჯასტინ ბიბერი.

ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში უკვე მეორედ ითამაშებს 24 წლის ჯონ ვოლი. ვაშინგტონ ვიზარდსის კალათბურთელი ლიგაში ერთ შეხვედრაში გაკეთებული შედეგიანი გადაცემების მიხედვით ლიდერია და ერთ-ერთი საუკეთესოა ართმევებშიც. ამ სეზონში, ვოლი ვიზარდსის ლიდერია და საუკეთესოთა შორის ადგილიც დაიმსახურა.

34 წლის პაუ გასოლი ლეიკერში გატარებული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ჩიკაგო ბულზს შეუერთდა და შესანიშნავ სეზონს ატარებს. ბულზის მაისურით, გასოლმა უკვე მოასწრო ერთ შეხვედრაში ჩაგდებული ქულების რეკორდი დაემყარებინა და მთლიანობაში, როგორც ჩანს, მეორე სუნთქვა გაეხსნა.

რაც შეეხება დასავლეთის გუნდს, აქ ყველაზე მეტი ხმა სტეფ კარიმ დააგროვა. კარი საოცარ სეზონს ატარებს და მიუხედავად იმისა, რომ ეს 26 წლის კალათბურთელისთვის მხოლოდ მეორე ოლ სტარის თამაში იქნება, უორიორსის კალათბურთელის გამოჩენას აქ შემდგომ სეზონებშიც უნდა ველოდოთ.

დასავლეთელთა სიაში კობი ბრაიანტი ბოლოა, ვინც სეზონის მიხედვით იქ მოხვედრას იმსახურებს, მაგრამ გულშემატკივრებმა მას ტრადიციულად დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს. ასაკისა და საკმაოდ ცუდი გუნდის მიუხედავად, ბრაიანტი მაინც რჩება მნიშვნელოვან ფიგურად, თუმცა ამ შემთხვევაში, მისმა მოხვედრამ ოლ სტარის დამწყებთა გუნდში მოხვედრის შანსი მაღალი შედეგების მქონე რამდენიმე მოთამაშეს გაუქრო. ასეთია პირველ რიგში ჯეიმს ჰარდენი, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და ლიგას ერთ თამაშში ჩაგდებული ქულების საშუალო მაჩვენებლით ლიდერობს. ბრაიანტზე უკეთესები არიან წელს კრის პოლი, რასელ ვესტბრუკი, კლეი ტომპსონი და დამიან ლილარდი.

ენტონი დევისის ფართო ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ, ყველა ელოდა, რომ ის NBA-ს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ ალბათ ცოტას თუ ეგონა, რომ ეს ასე მალე მოხდებოდა. წლეულს დევისი აგროვებს ქულებს, მოხსნებს, ბლოკებს და ნიუ ორლეანის უპირობო ლიდერია. 21 წლის ცენტრი ოლ სტარში შარშანაც იყო, მაგრამ წელს ის წელს უპირობო სტარტერი იქნება.

იმ მოთამაშეებს შორის, ვინც ყველა ვარსკვლავის შეხვედრას ლამაზი, ათლეტური და შთამბეჭდავი ჩატენვებით ახალისებს, უპირველესია ბლეიკ გრიფინი. სამწუხაროდ, კლიპერსის კალათბურთელისთვის ეს სეზონი ჯერჯერობით ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც მისგან გულშემატკივრები ელოდნენ. შარშან MVP-ს ტიტულის კანდიდატმა ამ სეზონში მოუკლო, მაგრამ ოლ სტარს რომ გაალამაზებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

ძმის წინააღმდეგ მოუწევს თამაში მარკ გასოლს. ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი წელს ყველა ვარსკვლავის მატჩში სტარტერი იქნება. ბოლო პერიოდში მემფის გრიზლისის ყველაზე წარმატებული სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სწორედ გასოლია, რომელსაც გუნდში შეუცვლელი როლი აქვს.

NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩი 17 თებერვალს ნიუ იორკში, მედისონ სქუეარ გარდენში გაიმართება. სარეზერვო მოთამაშეების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

კომენტარები