ლარის კურსის ვარდნა

მელიქიშვილი: ლარის კურსის ვარდნა უარყოფითად აისახება მოქალაქეებზე

garbonline.tv

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ მელიქიშვილის თქმით, ლარის კურსის ვარდნა უარყოფითად აისახება მოქალაქეების მდგომარეობაზე. მისი თქმით, ეს პირდაპირ გავლენას იქონიებს დოლარში კრედიტის მქონე პირებზე, ასევე სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და პენსიონერებზე.

"სამწუხაროდ, ლარის კურსმა გადააბიჯა ორნიშნულიან ზღვარს, რაც ძალზედ უარყოფითად აისახება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე. პირველ რიგში აღვნიშნავ, ეს პირდაპირ გავლენას ახდენს იმ ნახევარმილიონ მოქალაქეზე, რომელსაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული და შემოსავალი აქვს ლარში. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და პენსიონერებზე. მარტო პენსიის საკითხი რომ ავიღოთ და შევადაროთ წინა წლებს, 2012 წელს ლარის კურსი იყო 1,65 და პენსია იყო 125 ლარი, რაც იყო 75,75 დოლარი. 2015 წელს, როდესაც დოლარის კურსმა 2,0 ლარს გადააბიჯა, 150-ლარიანი პენსიის პირობებში ისინი იღებენ 75 დოლარს.

დღევანდელი მთავრობა ყველაფერს აბრალებს დოლარის გაუფასურებას, დაწყებული ჩრდილოეთ პოლუსიდან დამთავრებული სამხრეთ პოლუსამდე თუ რამე ხდება, ყველაფერზე კომენტარს აკეთებენ, გარდა საკუთარი უნიათობისა. გარდა ამისა, ამ მიმართულებით საერთოდ არ გვაქვს არანაირი პოლიტიკა შემუშავებული. ლარის გაუფასურებას ემატება გაზრდილი ფასები პროდუქტზე და წამლებზე, რომელიც 20%-ით არის გაზრდილი. გამოვიდეს ბატონი ნოდარ ხადური და აუხსნას პენსიონერს, როგორ უნდა გაუძლოს ამ გამოწვევას დღევანდელი ლარის კურსის პირობებში.

ჩვენ არათუ ვთხოვთ, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ რაც არის განსხვავება - 350 მილიონი ლარი 2015-სა და 2014 წლის სახელფასო და საპრემიო ფონდებს შორის, აქედან დაუყოვნებლივ 150 მილიონი ლარი, რომ საშუალოს 20 ლარის კომპენსაცია მაინც მიიღონ პენსიონერებმა, გადატანილ იქნას საპენსიო მუხლში", - ამბობს მელიქიშვილი.

ლარის კურსი ისევ ეცემა. საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.98-ია.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ერთი დოლარი 2 ლარი, ზოგ ჯიხურში კი 2 ლარი და 4 თეთრი ღირს. რაც შეეხება გაყიდვას, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი 1.90-დან 1.98-ლარამდეა.

კომერციულ ბანკებში მომხმარებელს ერთი დოლარის შეძენა 2 ლარი და  6 თეთრამდე დაუჯდება, გაყიდვა კი დაახლოებით 1.96 ლარი.

კომენტარები