ოკუპირებული ტერიტორიები

პრეზიდენტი ვახტანგ ყოლბაიასა და დიმიტრი სანაკოევს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას, ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ოკუპირებული რეგიონების საკითხებზე მუშაობენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას, მათ ის საკითხები განიხილეს, რომლებიც მწვავედ დგას ოკუპირებულ რეგიონებში. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულება და რუსეთის დუმაში მისი რატიფიკაცია იყო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება, რათა ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით, უცხოელი პარტნიორების დახმარებითა და მხარდაჭერით მოგვარდეს. საუბარი შეეხო აფხაზებსა და აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეროვნების მოქალაქეებსაც.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ მსგავსი შეხვედრების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსულტაციების მიზანი განსხვავებულ აზრთა შეჯერება და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაა.

"პრეზიდენტმა დაიწყო შეხვედრები მსგავსი ფორმატით, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული ყველა წინადადების მოსმენას. ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც თითოეული მოსაზრება იქნება განხილული და გაიმართება დისკუსია. ეს პროცესი აუცილებელია, რათა საზოგადოებაში მოხდეს განსხვავებული აზრების შეჯერება და ყველამ ერთად - სახელმწიფომ, საზოგადოებამ, პოლიტიკურმა ძალებმა, არასამთავრობო სექტორმა, დევნილმა მოსახლეობამ - მაქსიმალურად ჩამოვაყალიბოთ ის პოზიცია, რომელსაც შემდეგ ყველა ერთიანად დავიცავთ", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ და დასძინა, რომ ამ პროცესის მთავარი პრინციპებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ჩათვლით.

კომენტარები