ჭიკაიძის გადადგომა

ნადირაშვილი: შს მინისტრობის კანდიდატად მოადგილე ვახტანგ გომელაური განიხილება

news.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირმა ნადირაშვილის მოსაზრებით, შს მინისტრის პოსტიდან ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომა "გაზრდილ კრიმინალსა და შეკვეთილ მკვლელობებს" ვერ უშველის. მისივე თქმით, შს მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატურად ამჟამინდელი მოადგილე ვახტანგ გომელაური განიხილება.

"ჭიკაიძე იყო კორუფციის ჭაობში ჩაფლული უსინდისო, უპასუხისმგებლო და უნიათო ხელისუფლების ერთ-ერთი სიმბოლო. თუმცა, ვთვლით, რომ მისი გადადგომა ვერ უშველის ვერც გაზრდილ კრიმინალს, ვერც შეკვეთილ მკვლელობებს. ამ ყველაფრის საშველი იქნება ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასასრული, თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ საქმე აქეთ არ მიდის, რადგან დღეს მოვისმინეთ, რომ თითქოს ის არ არის საკმარისი, რომ მისი პირადი თანაშემწე ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი გახდა. დღეს უკვე ჭიკაიძის შემცვლელ ერთ-ერთ კანდიდატურად ვახტანგ გომელაურს განიხილავენ, რომელიც ასევე გახლდათ ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი", - თქვა ნადირაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერმინისტრს დღეს მიმართა. ამის შესახებ ჭიკაიძემ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერმინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.

გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - განაცხადა ჭიკაიძემ.

ჭიკაიძის მოთხოვნას დავოსიდან გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი და მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელების მფარველობაში იური ვაზაგაშვილმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე დაადანაშაულა. მისი თქმით, ის სამართალდამცავები, ვინც მისი შვილის წინააღმდეგ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობენ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე ის მაღალი თანამდებობის პირი გადადგა, რომლებიც ე.წ. ირაკლი ღარიბაშვილის და თამაზ თამაზაშვილის კადრებად მოიაზრებოდნენ. მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, სუს-ის უფროსი მალხაზ ჩიკვილაძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი, გურიის გუბერნატორი და სხვა.

კომენტარები