ჭიკაიძის გადადგომა

გაბაშვილი: მინისტრის შეცვლა, ვინც ბევრს არაფერს წყვეტდა, არაფერს არ ცვლის

financial.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გოკა გაბაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ "ერთი არაკომპეტენტური მინისტრის შეცვლა, რომელიც ბევრს არაფერს წყვეტდა, დიდს არაფერს არ ცვლის". მისივე თქმით, "მთავარია, საქართველოში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა დასრულდეს."

"ეს იყო მინისტრი, რომლის ხელშიც შსს არათუ ვერ ებრძოდა, არამედ მჭიდროდ თანამშრომლობდა კრიმინალურ სამყაროსთან და, ფაქტობრივად, ქურდების გაცილების სერვისად იქცა. კრიმინალი სახიფათოდაა გაზრდილი და საზოგადოებას ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის. დღეს დაცულად თავს უკვე აღარავინ აღარ გრძნობს. ამ ფონზე ერთი არაკომპეტენტური მინისტრის შეცვლა, რომელიც ბევრს არაფერს წყვეტდა, დიდს არაფერს არ ცვლის, მთავარია, საქართველოში დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, რომელსაც ყველა ეს პრობლემა მოაქვს ამ ქვეყნისთვის", - თქვა გაბაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერმინისტრს დღეს მიმართა. ამის შესახებ ჭიკაიძემ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერმინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.

გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - განაცხადა ჭიკაიძემ.

ჭიკაიძის მოთხოვნას დავოსიდან გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი და მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელების მფარველობაში იური ვაზაგაშვილმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე დაადანაშაულა. მისი თქმით, ის სამართალდამცავები, ვინც მისი შვილის წინააღმდეგ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობენ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე ის მაღალი თანამდებობის პირი გადადგა, რომლებიც ე.წ. ირაკლი ღარიბაშვილის და თამაზ თამაზაშვილის კადრებად მოიაზრებოდნენ. მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, სუს-ის უფროსი მალხაზ ჩიკვილაძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი, გურიის გუბერნატორი და სხვა.

კომენტარები