ჭიკაიძის გადადგომა

ივანიშვილი: ჭიკაიძემ ღირსეული ნაბიჯი გააკეთა

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო და "ღირსეული ნაბიჯი გააკეთა." ამის შესახებ მან საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში" იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფნისას ისაუბრა.

"მე ვთვლი, რომ მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება. მან აჩვენა, რომ აქვს პასუხისმგებლობის განცდა და აცნობიერებს, როგორ საზოგადოებაში ცხოვრობს. ის ამ საზოგადოების წევრია. პატივი სცა ოფიცრის მუნდირს, საკუთარი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად გამოხატა და აჩვენა კიდევ ერთჯერ ახალი ხელისუფლების და გუნდის ხელწერაც, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი, ანგარიში გაუწია საზოგადოებას. აუცილებლად ასე უნდა მოქცეულიყო. მან ღირსეული ნაბიჯი გააკეთა", - თქვა ივანიშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერმინისტრს დღეს მიმართა. ამის შესახებ ჭიკაიძემ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერმინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.

გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - განაცხადა ჭიკაიძემ.

ჭიკაიძის მოთხოვნას დავოსიდან გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი და თქვა, რომ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

ცნობისთვის, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელების მფარველობაში იური ვაზაგაშვილმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე დაადანაშაულა. მისი თქმით, ის სამართალდამცავები, ვინც მისი შვილის წინააღმდეგ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობენ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე ის მაღალი თანამდებობის პირი გადადგა, რომლებიც ე.წ. ირაკლი ღარიბაშვილის და თამაზ თამაზაშვილის კადრებად მოიაზრებოდნენ. მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, სუს-ის უფროსი მალხაზ ჩიკვილაძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი, გურიის გუბერნატორი და სხვა.

კომენტარები