კრიზისი უკრაინაში

მარიუპოლში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

Necro Mancer's Twitter account

სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა და 87 დაშავდა კრემლის მიერ მხარდაჭერილი პრორუსი სეპარატისტების მიერ უკრაინის მთავრობის კონტროლქვეშ არსებული ქალაქ მარიუპოლის დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. სამართალდამცველების ცნობით, გრადის ტიპის რაკეტები ქალაქის აღმოსავლეთით დასახლებულ პუნქტში მდებარე ბაზარს დაეცა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სკოლებიც. მარიუპოლის დაბომბვას უკრაინულმა მხარემ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

პრორუსის სეპარატისტები კი აღნიშნულ შემთხვევაში ნებისმიერი სახის მონაწილეობას უარყოფენ და "აშკარა დეზინფორმაციას" უწოდებენ.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა ქალაქ მარიუპოლიდან 50 კილომეტრში, ქალაქ ნოვოაზოვსკში სამხედრო რეზერვის კონცენტრაცია მოახდინეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კიევთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ ე. წ. დონეცკის რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, მებრძოლები დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის უკრაინული ძალებისგან გათავისუფლებას აპირებენ. ზახარჩენკო გუშინ ამბობდა, რომ პირველ რიგში სლავიანსკის და მარიუპოლის გათავისუფლებას გეგმავს.

გასული წლის აპრილიდან, ანუ მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში კრემლის მიერ მხარდაჭერილმა მებრძოლებმა საომარი მოქმედებები დაიწყეს, 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები