იური ვაზაგაშვილის საქმე

მეუფე იაკობი: ყველასთვის მისახვედრია, ვინ დაუკვეთა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა

wikipedia.org

ქორეპისკოპოსი იაკობი მიიჩნევს, რომ ყველასთვის მისახვედრია, ვინ არიან იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთი ადამიანები.

"ჩემი აზრია - ძალიან მალე იქნება ცვლილება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის. ამასთან, როგორც მე ვიცი, ძალიან ბევრი მოწმე უკვე აპირებდა ჩვენებების მიცემას. ეს საშინელი ტერორისტული აქტი მიმართული იყო სწორედ იმისკენ, რომ მოწმეებს შეშინებოდათ. მაგრამ მთელი მსოფლიო წინ აღუდგა ტერორიზმს და ჩვენთანაც, მე მჯერა, რომ თუ სახელმწიფოს უნდა, რომ განვითარდეს, აუცილებლად უნდა შეაჩეროს ეს. თუ არ შეაჩერა, მაშინ ხალხი იძულებული იქნება თვითონ შეაჩეროს და ჯვარი გვწერია - ეს პროცესები ჩვენთვის არ არის სასარგებლო. ასევე ყველა უნდა ვიყოთ ხოლმე ფრთხილი შეფასებებში, იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო მაინც ჩამოყალიბების პროცესშია და როდესაც ჩვენც არა გვაქვს ის სახელმწიფოებრივი კულტურა, სამოქალაქო საზოგადოებაც არ არის ჩამოყალიბებული, არც არასამთავრობო სექტორია მთლად სახელმწიფოებრივად განწყობილი, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ სახელმწიფო მშენებლობას ხელი არ შევუშალოთ, უნდა ერთმანეთს დავეხმაროთ, რომ ვიცხოვროთ წესიერ ქვეყანაში, სადაც არ იქნება ურთიერთსიძულვილი, ასეთ ფაქტებს ადგილი არ ექნება. თორემ მართლაც სამწუხაროა, რომ ვინც არ უნდა მოკლან ყოველთვის სამწუხაროა და მით უმეტეს, ასეთი საზარელი მკვლელობა. მე ვიცი, რომ ეს ძალიან რთული გამოსაძიებელია, იმიტომ, რომ ძლიერი პროფესიონალების შესრულებულია, მაგრამ სავარაუდო წრე იმ ადამიანებისა, ვინც დაუკვეთა, ალბათ ყველასთვის მისახვედრი უნდა იყოს და ალბათ შეიძლება რაღაც პრევენციების მიღება, რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს", - თქვა მეუფე იაკობმა.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის საფლავზე დაიღუპა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები