ISIS-ის მებრძოლებმა იაპონელ მძევალს, სავარაუდოდ, თავი მოჰკვეთეს

იაპონიის ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს მძევლად აყვანილი ორი იაპონელიდან ერთის ცხედარი.

3-წუთიან ვიდეოში 47 წლის კენჯი გოტოს ფოტო უჭირავს, რომელზეც, როგორც თავად აღნიშნავს, 42 წლის ჰარუნა იუკავას ცხედარია აღბეჭდილი. ინგლისურად მოსაუბრე გოტო საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, იორდანიაში დაჯგუფების დაკავებული წევრის გათავისუფლებას ითხოვს.

ე.წ. ისლამური სახელმწიფო 20 იანვარს იაპონიას დაემუქრა, რომ მოკლავდა ორივე მძევალს, იმ შემთხვევაში, თუ 72 საათში არ მიიღებდა 200 მილიონ ამერიკულ დოლარს. იაპონელ მაღალჩინოსნებს ჯერჯერობით არ განუცხადებიათ, გადაიხადეს თუ არა აღნიშნული თანხა.

იაპონიის პრემიერმინისტრმა შინზო აბემ განაცხადა, რომ ის არ მოიხრის ქედს ტერორიზმის წინაშე. მისივე თქმით, აღნიშნული ტერორისტული აქტი აღმაშფოთებელი და მიუღებელია.

აღნიშნულ შემთხვევას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი გამოეხმაურა. მან ტერორისტებს "ბარბაროსი მკვლელები" უწოდა. მისი თქმით, ბრიტანეთი სოლიდარობას უცხადებს იაპონელ ხალხს და იაპონიას ყველა შესაძლო შემთხვევაში დაეხმარება.

გასულ წელს, ISIS-მა გაავრცელა ბრიტანელი დევიდ ჰეინესისა და ალან ჰენინგის მკვლელობის ვიდეო. დაჯგუფებამ ასევე ამერიკელებს - ჯეიმს ფოლის, სტივენ სოტლოფსა და აბდულ-რაჰმან კასიგს მოჰკვეთა თავი.

კომენტარები