ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომა

პრემიერმა შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაური წარადგინა

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჭიკაიძის ყოფილი მოადგილე და ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური წარადგინა. ახალი მინისტრი პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ დაასახელა და აღნიშნა, რომ "გომელაური გამოირჩევა ქვეყნისადმი ერთგულებით". 

"მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს მთავრობაში შს მინისტის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური, რომელიც დღემდე გახლდათ მინისტრის პირველი მოადგილე. ის გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, წესიერებით, უანგარობით, პრინციპულობით, საქმისადმი და ქვეყნისადმი ერთგულებით. ეს არის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა და ბატონ ვახტანგს კარგად აქვს გააზრებული ის სიმძიმე, რომელიც თან ახლავს ამ თანამდებობას და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო. მაგრამ ეს სამინისტრო არ არის მისთვის ახალი. ბატონი ვახტანგი ბოლო ორი წლის განმავლობაში იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას და იქამდე, წლების განმავლობაში, ამ სისტემაში უწევდა მუშაობა. მინდა, ვუსურვო მას წარმატება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი და ხალხის მოლოდინი გაამართლოს და იყოს წარმატებული მინისტრი" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერმინისტრს 23 იანვარს მიმართა. მისი განცხადებით, "ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას".

ამასთან, ბოლო პერიოდში რამდენიმე ის მაღალი თანამდებობის პირი გადადგა, რომლებიც ე.წ ირაკლი ღარიბაშვილის და თამაზ თამაზაშვილის კადრებად მოიაზრებოდნენ. მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, სუს-ის უფროსი მალხაზ ჩიკვილაძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი, გურიის გუბერნატორი და სხვ.

კომენტარები