ევრო

საბერძნეთში მემარცხენე პარტიის გამარჯვებას ევროს დაცემა მოჰყვა

საბერძნეთში მემარცხენე პარტია სირიზას გამარჯვებამ არჩევნებში ევროს ვარდნა გამოიწვია. ერთიანი ევროპული ვალუტის კურსმა დოლართან მიმართებით 11-წლიან მინიმუმს მიაღწია და ერთ დოლარში 1 ევრო და 11 ცენტი შეადგინა.

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე რადიკალურმა პარტია სირიზამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მან 36% მიიღო და პარლამენტში 149 ადგილი მოიპოვა. სრულ  უმრავლესობამდე, სირიზას ორი ადგილი დააკლდა. მეორე და მესამე ადგილზე მემარჯვენე ახალი დემოკრატია და ოქროს განთიადი გავიდნენ. სირიზას ლიდერმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ დაასრულებს მკაცრი ეკონომიის პოლიტიკას, რომელსაც წინა მთავრობა ევროკავშირის მოთხოვნით ახორციელებდა, რაც შესაძლოა ევროპის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად აისახოს. მოქმედმა პრემიერმა ანტონის სამარასმა მოუწოდა მოქალაქეებს, ქვეყანა დეფოლტამდე არ მიიყვანონ და ევროზე უარი არ თქვან.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა საბერძნეთი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რის გამოც 2010 წელს ქვეყანას დახმარების სახით ე.წ. სამეულმა - ევროკავშირმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, 240 მილიარდი ევროს კრედიტები გამოუყო. ამ დახმარების მიღების პირობა მკაცრი ეკონომია, სახელმწიფო ხარჯების შემცირება და გადასახადების გაზრდა იყო, რამაც ქვეყანაში უმუშევრობის ზრდა და ცხოვრების დონის დაცემა გამოიწვია. სირიზა მოსახლეობას სოციალური დახმარების ზრდას დაჰპირდა.

საბერძნეთის არჩევნების შედეგების გავლენა ევროპის ეკონომიკაზე ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იქნება.

კომენტარები