ვახტანგ გომელაურის დანიშვნა

მინაშვილი: გომელაური შეარჩიეს ივანიშვილის პირადი მორჩილების კრიტერიუმით

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაური არა კვალიფიკაციით, არამედ "ივანიშვილის პირადი მორჩილების კრიტერიუმის მიხედვით" შეარჩიეს. მისი თქმით, გომელაური დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვერ გადადგამს და არაფორმალური მმართველის, ივანიშვილის "პაიკი და მარიონეტი" იქნება.

"გვახსოვს 2013 წელს, როგორ წარადგინა პრემიერმინისტრმა ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრად, თუმცა წლების შემდეგ ჩვენ მივიღეთ დიდი ჩავარდნა შინაგან საქმეთა სამინისტროში. დღესაც ანალოგიურად წარადგინეს ახალი მინისტრი, თუმცა საზოგადოებას იმედგაცურება ელის უახლოეს მომავალში. ქვეყანაში დანაშაულის მდგომარეობა არის უმძიმესი, გაბატონებულია ორგანიზებული დანაშაული, ქუჩაში ძალადობა და ყაჩაღობა, რეკეტი და გამოძალვა, შეკვეთილი მკვლელობები. გაბატონებულები არიან კრიმინალები, მაშინ, როცა მუდმივად ხდება პოლიციელების და სამართალდამცავების დამცირება. ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მთელს მთავრობას მართავს პაიკებივით. თუმცა, ასევე პასუხისმგებელია ღარიბაშვილიც და ასევე პასუხისმგებელია გომელაურიც, რომელიც 2013 წლიდან იყო შს მინისტრის მოადგილე და თუ რაიმე კარგის გაკეთების შესაძლებლობა და უნარი ჰქონდა, აქამდე შეეძლო გაეკეთებინა. მეორე მხრივ, გომელაური შერჩეულია არა კვალიფიკაციის მიხედვით, არამედ ივანიშვილის პირადი მორჩილების კრიტერიუმის მიხედვით. იგი დიდი ხანი იყო ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი. დღესაც, ბუნებრივია, ის დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვერ გადადგამს და იქნება არაფორმალური მმართველის ივანიშვილის პაიკი, მარიონეტი და, ზოგადად, ამ ცვლილებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყანაში ამ სავალალო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ მოქალაქეს და მინისტრების ცვლილება არავითარ ხელშესახებ განსხვავებას არ მოგვიტანს", - თქვა მინაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჭიკაიძის ყოფილი მოადგილე და ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერმინისტრს 23 იანვარს მიმართა. მისი განცხადებით, "ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას".

ამასთან, ბოლო პერიოდში რამდენიმე ის მაღალი თანამდებობის პირი გადადგა, რომლებიც ე.წ ირაკლი ღარიბაშვილის და თამაზ თამაზაშვილის კადრებად მოიაზრებოდნენ. მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, სუს-ის უფროსი მალხაზ ჩიკვილაძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი, გურიის გუბერნატორი და სხვ.

კომენტარები