კრიზისი უკრაინაში

დაკავებული ტერორისტი: მარიუპოლის დაბომბვის ბრძანება რუსმა სამხედრომ გასცა

უკრაინელმა ძალოვნებმა მარიუპოლის დაბომბვისას ცეცხლის მაკორექტირებლის აღიარებითი ჩვენება გაავრცელეს, რომელიც ადასტურებს, რომ ქალაქი რუსი სამხედროების ბრძანებით დაიბომბა. დაკითხვისას ვალერი კირსანოვმა განაცხადა, რომ დაბომბვას რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერი, მეტსახელად პეპელი ხელმძღვანელობდა.

საბრძოლო მოქმედებების ზონაში შექმნილი სიტუაციის გამო უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. პრემიერმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის უზრუნველყოფისთვის სპეციალური კომისია შეიქმნა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი დღეს განაცხადა, რომ, მისი აზრით, სეპარატისტების მიერ ცეცხლის გახსნა უკრაინელი სამხედროების მოქმედებებზე პასუხს წარმოადგენდა. სერგეი ლავროვმა პასუხისმგებლობა სიტუაციის გართულებაზე კიევს დააკისრა და მას სეპარატისტებთან მოლაპარაკებების დაწყება მოსთხოვა.

"რაღაც კონტაქტები, როგორც ვიცი, ამ დღეებში იგეგმება. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ამ კონტაქტების წახალისებას ვცდილობთ. დარწმუნებული ვართ, რომ სამშვიდობო პროცესი უნდა აღდგეს, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კიევსა და მოხალისეთა ძალებს შორის სრული და სტაბილური დიალოგი დაიწყოს", - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის პრეზიდენტმა კი თქვა, რომ კიევს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება არ სურს. ვლადიმირ პუტინმა სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უკრაინაში არა ქვეყნის შეიარაღებული ძალები, არამედ NATO-ს ლეგიონი იბრძვის.

"ხშირად ვამბობთ, უკრაინული არმია, მაგრამ ვინ იბრძვის იქ სინამდვილეში? იქ მართლაც არიან შეიარაღებული ძალების ოფიციალური ქვედანაყოფები, მაგრამ ძირითადად არიან ე. წ. მოხალისეთა ნაციონალისტური ბატალიონები. არსებითად, ეს არ არის არმია, ეს უცხოური ლეგიონია, ამ შემთხვევაში NATO-ს ლეგიონი, რომელსაც უკრაინის ეროვნული ინტერესები არ ამოძრავებს, აქ სულ სხვა მიზნებია, რომელიც რუსეთის შეკავების გეოპოლიტიკურ მიზნებს ემსახურება", - თქვა პუტინმა.

კომენტარები