კრიზისი უკრაინაში

სტოლტენბერგი: უკრაინაში არ არის NATO-ს ლეგიონი, იქ ერთადერთი უცხო ძალა რუსულია

northcountrypublicradio

პრორუსი სეპარატისტების მხრიდან ძალადობის ესკალაცია მკაცრად დაგმო NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინა-NATO-ს კომისიის სხდომის შემდეგ. იენს სტოლტენბერგის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ასეულობით ერთეული მძიმე შეიარაღება შეიყვანა. მან ასევე უარყო პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრანის მხარეს ე.წ. NATO-ს ლეგიონი იბრძვის.

"იმის მტკიცება, თითქოს უკრაინაში NATO-ს ძალები იმყოფება, ნონსენსია. იქ არ არის NATO-ს ლეგიონი და ერთადერთი უცხო ძალა რუსულია. რუსეთი სეპარატისტებს შეიარაღებით ეხმარება, ჩვენ ვხედავთ შეიარაღების ნაკადის ზრდას რუსეთიდან. ეს მძიმე ტექნიკა და სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობაა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ თქვა, რომ კიევს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება არ სურს. ვლადიმირ პუტინმა სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უკრაინაში არა ქვეყნის შეიარაღებული ძალები, არამედ NATO-ს ლეგიონი იბრძვის.

"ხშირად ვამბობთ, უკრაინული არმია, მაგრამ ვინ იბრძვის იქ სინამდვილეში? იქ მართლაც არიან შეიარაღებული ძალების ოფიციალური ქვედანაყოფები, მაგრამ ძირითადად არიან ე. წ. მოხალისეთა ნაციონალისტური ბატალიონები. არსებითად, ეს არ არის არმია, ეს უცხოური ლეგიონია, ამ შემთხვევაში NATO-ს ლეგიონი, რომელსაც უკრაინის ეროვნული ინტერესები არ ამოძრავებს, აქ სულ სხვა მიზნებია, რომელიც რუსეთის შეკავების გეოპოლიტიკურ მიზნებს ემსახურება", - განაცხადა პუტინმა.

კომენტარები